დიღმის ტყე-პარკში, საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 600 წიწვოვანი ნერგი დაირგო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მერთან, დავით ნარმანიასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დარგო. აქციაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილეები, საპატრიარქოს, ფონდ „გაამწვანე საქართველოს“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები. ასევე კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები.
საგაზაფხულო გამწვანების პირველ მასშტაბურ აქციაზე, დიღმის ტყე-პარკში, 7 000 კვ .მ ფართობზე 1,50-2,50 მ სიმაღლის 600 კიპარისისა და კედრის ხე-მცენარე დაირგო.
დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა გამწვანების აქციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ასეთი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის მერმა დიღმის ტყე-პარკში ის ხეებიც დაათვალიერა, რომლებიც 2014 წელს, საშემოდგომო გამწვანების ღონისძიების ფარგლებში დაირგო.
„დღეიდან დედაქალაქში გამწვანების აქტიური ღონისძიებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 80 000-ზე მეტი ხე დაირგვება ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მის შემოგარენში. ასევე, დავათვალიერეთ დიღმის ტყე-პარკში ის ხეები, რომლებიც პირველად დაირგო 2014 წლის შემოდგომაზე და ამით დავიწყეთ ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით ჩვენი წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირების შესრულება. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საზოგადოების ჩართულობით გამწვანების სამუშაოებს, რათა ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქის გამწვანებაზე და აუცილებელად შევასრულოთ ის, რაც თბილისის მოსახლეობას დავპირდით. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია დარგული ხეების მოვლა-პატრონობა, მათ შორის მორწყვაც. ამაზე ორი წლის განმვალობაში კონტრაქტორი კომპანიები იზრუნებენ. ყველანაირ პირობას ვქმნით, რომ ხეებმა მაქსიმალურად გაიხაროს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება