მე რომ “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველი ვიყო, ნამდვილად არ მომეწონებოდა მოსკოვში ვიზიტი – მაინტერსებს, როდესაც ნეიტრალიტეტზე საუბრობენ, როგორ მოიზარებენ საქართველოს სივრცეს? – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) საქ-მმართველობის წევრმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.
“პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში შეხვედრებს მართავს
ვალერი ჩეჩელაშვილი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიისა და სისასტიკის ფონზე, დამატებით იმ სერიოზულ გარემოებებს ასახელებს, რის გამოც, მიიჩნევს, რომ დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი რუსეთში გაუმართლებელია.
“მე რომ ვიყო „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერი და ამომრჩეველი, ეს ვიზიტი დღეს ნამდვილად არ მომეწონებოდა.
ვფიქრობ, პოლიტიკური პარტია უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ ავტორიტეტს და რეპუტაციას. პარტიის იდეოლოგიური სარჩული და პრინციპები მესმის, მაგრამ მიმდინარე ვითარება ნამდვილად არ უწყობს ხელს ამგვარ ვიზიტებს რუსეთის ფედერაციაში.
დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები საუბრობენ რუსეთის სათათბიროს დეპუტატებთან. უკლებლივ ყველა ეს დეპუტატი დღეს დასავლეთის მხრიდან სანქცირებულია. მეორე, ყველა ამ დეპუტატმა მხარი დაუჭირა ოკუპირებული ტერიტორიების ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარებას. შესაბამისად, ისინიც პირდაპირ თუ არა ირიბად არიან დამნაშავეები ჩვენი ოკუპაციის თაობაზე კანონის კონტექსტში.
როდესაც ლაპარაკობენ ამ ნეიტრალიტეტზე? მაინტერესებს, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, როგორ მოიაზრებენ ამ კონცეფციის ავტორები საქართველოს სივრცეს?
ანუ, ნეიტრალიტეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით თუ ნეიტრალიტეტი დღევანდელი, მცოცავი ოკუპაციის პირობებში. რა ნეიტრალიტეტზე ვლაპარაკობთ? ამას თავისი სამართლებრივი, ძალიან რთული მხარეები აქვს – ეს არის შეიარაღებული ნეიტრალიტეტი, ლეგალური, აღიარებული სამართლებრივი ნეიტრალიტეტი, გამოუცხადებელი თუ სხვ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ნეიტრალიტეტის პოზიციის გამხმოვანებლებს კარგად აქვთ წარმოდგენილი რასთან აქვთ საქმე.
ვფიქრობ, ეს უბრალოდ არის პროცესი პროცესისთვის. ეს ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებამდე არ მიგვიყვანს. პარტიაში [„პატრიოტთა ალიანსი“] მყოფ ანალიტიკოსებს ვურჩევდი, კარგად დააკვირდნენ მოვლენებს, საზოგადოებაში არსებულ განწყობებს და შესაბამისად იმოქმედონ”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.