“პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა რუსეთში შეხვედრები გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერალური საბჭო ავრცელებს და წერს, რომ რუსული ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბანოვმა შეხვედრა გამართა პარტიის დელეგაციასთან, რომელსაც საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ხელმძღვანელობდა.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საუბრისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.
“ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არის უამრავი ადამიანი, ვინც რუსეთთან ურთიერთობების გაფართოების მომხრეა”, – განაცხადა ვლადიმერ ჯაბანოვმა.
როგორც ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსულ მხარეს დავით თარხან-მოურავმა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პარტია ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია.
“მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივად მომგებიანი კავშირების შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების შესახებ. შეხვედრის შემდეგ კი დიალოგის გაგრძელება გადაწყდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოგვიანებით რუსეთში “პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტის შესახებ “ტვიტერში” დაწერა “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტმა აგასი არაბიანმაც:
“მეგობრებო! როგორც გატყობინებდით, სტუმრები გვყავს საქართველოდან. მათი მოთხოვნით, ჩვენ ოფიციალური შეხვედრა მოვაწყვეთ რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის საბჭოში 2022 წლის 4 აპრილს.
შეხვედრის მიზანი: რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარება, პირდაპირი ფრენების აღდგენა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება”, – წერია “ტვიტში”.
❗️ Друзья! Как мы сообщали – у нас гости из Грузии. По их просьбе мы 04.04.2022 организовали официальную встречу в СФ ФС РФ.. Цель встречи: налаживание российско-грузинских отношений.. возобновление прямого авиасообщения Россия-Грузия.. отмена визового режима для граждан Грузии pic.twitter.com/AMxlmF1dax
— Агаси Арабян (@RusArmGeo) April 5, 2022