LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ჩვენგან, ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს

161
პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი იქამდე იქნება შეჩერებული, სანამ საქართველო EU-ისგან დაშორებას გააგრძელებს.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, კანდიდადი ქვეყნის სტატუსის მინიჭებიდან 1 წლის თავზე, დღეს საზეიმო არაფერი გვაქვს.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის თავზე, დადგა დრო, შევაჯამოთ, სად არის საქართველო ევროპულ გზაზე. გაფართოების ანგარიში საერთოა ათივე ქვეყნისთვის, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთეს. ეს არის შეფასების და გააზრების მომენტი. გაფართოების ანგარიშის ყურადღების ცენტრშია წინსვლა ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით ყველა სფეროში. ის, სამომავლო რეფორმების პრიორიტეტების განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მითითებებს შეიცავს.

ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. განაცხადის გაკეთების შემდეგ, ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში გაწევრებისთვის მის მზაობას შეამოწმებს.

შარშან, ანგარიშის გამოქვეყნებამ, მოგვცა შესაძლებლობა გვეზეიმა. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. დეკემბერში, ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს იყო დაუვიწყარი დღე. ჩემთვის კი, ეს კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა.

დღეს, ერთი წლის შემდეგ სამწუხაროდ ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ჩვენგან, ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს,“- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებითვე, საქართველოს უკუსვლა „უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის“

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ გაგებით, რომ 9 ნაბიჯი გადაიდგმებოდა, რომლებიც ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ეხება. სამწუხაროდ, საკმარისი პოლიტიკური ერთგულება არ ყოფილა საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რათა საჭირო რეფორმები განეხორციელებინათ. წინა წლის ანგარიშიდან, საქართველოს უმნიშვნელო პროგრესი ჰქონდა ცხრა ნაბიჯიდან უმეტესობის გატარებაში. დღევანდელი ანგარიში ნათელ უკუსვლას აჩვენებს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, პოლიტიკურ პოლარიზაციას, არჩევნებსა და ადამიანის უფლებებს. ანგარიში ასევე ამბობს, რომ ასევე უკუსვლა იყო ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსა და ფუნდამენტურ უფლებებს. საშუალება მომეცით, ნათლად ვთქვა: ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის,“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g