LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PCR კვლევები, ასიმპტომური შემთხვევები, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა ანგარიში გამოაქვეყნა

245
100860316-3016040948483815-6926970078722260992-o

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიში გამოქვეყნდა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, 2020 წლის 30 იანვრიდან 10 ივნისის ჩათვლით, სულ ჩატარდა 64 424 PCR კვლევა, მათ შორის 54 947 (85,3%) – უნიკალური პირის კვლევა. ჩატარებული კვლევების უმეტესი ნაწილი – 25 700, მათ შორის 22 275 უნიკალური პირი (თითქმის 40%) ცხელების ან კოვიდ კლინიკის და საკარანტინო სივრცის ბენეფიციარებს წარმოადგენდა.

სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებსა და საკარანტინე სივრცის / საბაჟო სამსახურის თანამშრომელთა კვლევებით მოცვამ გამოკვლეულთა 35% შეადგინა (სულ 22 429 კვლევა).

ჩატარებული გამოკვლევების 12%-მდე სსვადასხვა სტაციონარების იმ პაციენტებზე მოდიოდა, რომლებსაც COVID-19-თვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ. გამოკვლეულთა 7,5%-ს დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები წარმოადგენდნენ.

გარდა PCR ტესტირებისა, ქვეყანა ახორციელებს სეროლოგიურ კვლევებს – ანტიგენზე და ანტისხეულებზე დაფუძნებულ სწრაფ მარტივ ტესტებს გარკვეულ ჯგუფებში, თუმცა შემთხვევის დადასტურება ხდება მხოლოდ PCR ტესტირებით.

 

ქვეყანაში COVID-19 მიმდინარეობა დადასტურებული შემთხვევების მიხედვით, 26 თებერვლიდან 11 ივნისამდე საშუალოდ ყოველ 7,75 დღეში ორმაგდებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია. განმარტებულია, რომ უმეტესად, კოვიდკლინიკების სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. ანგარიშის მიხედვით, 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის 84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და 15,1% (18 შემთხვევა) – ტექნიკური პერსონალი. ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი 70 წლის ქალი, გარდაიცვალა.

“დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდან (101 პირი) ერთი შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში 100 ადამიანს შეადგენს, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 12,06%-ია. ლეტალურად დასრულდა 1 შემთხვევა, როდესაც 70 წლის ექთანი ქვემო ქართლიდან გარდაიცვალა” – წერია ანგარიშში.

ანალიზმა აჩვენა, რომ ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის ყველაზე მაღალი წილი აპრილის თვეში დაფიქსირდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგ შემთხვევაში დაავადების გავრცელების მიზეზი სამედიცინო პერსონალი იყო.

“ზოგ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ხდება საზოგადოებაში დაავადების გავრცელების მიზეზი, რაც მოხდა „საბურთალოს კლასტერის“ შემთხვევაში. ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი გახდა შემდგომი 27 შემთხვევის ინფიცირების პირველადი წყარო.  კლასტერის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა 2020 წლის 27 მაისს, PCR კვლევის შედეგად. სეროლოგიური კვლევით (ELISA-მეთოდი) ინდექს შემთხვევად იდენტიფიცირებულ იქნა მედიცინის მუშაკი. ეპიდკვლევამ გამოავლინა მრავლობითი ახლო კონტაქტი, რომლებიც კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებულნი. კონტაქტების მიდევნებისას 28-30 მაისს იდენტიფიცირებულ იქნა დამატებით 13 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 14 და 8 შემთხვევა, შესაბამისად, მეორეული შემთხვევების ეპიდკვლევითა და მიდევნებით დამატებით გამოვლინდა კიდევ 5 შემთხვევა, რომლებიც კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, იმყოფებოდნენ საკარანტინე სივრცეში.

 

COVID-19-ის გავრცელების სქემა ე.წ. „საბურთალოს კლასტერი“

 

სულ, 11 ივნისისთვის, „საბურთალოს კლასტერი“ მოიცავს 28 დადასტურებულ შემთხვევას. კონტროლის ღონისძიების ფარგლებში მოძიებული და ლაბორატორიულად გამოკვლეული იქნა 211 კონტაქტი. კარანტინში გადაიყვანეს 106 პირი. თვითიზოლაციაში მყოფი 92 პირის მონიტორინგი განხორციელდა შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ. აღნიშნულ კლასტერში შემავალი შემთხვევების 82,1% (23/28) ხასიათდება მსუბუქი მიმდინარეობით. ანგარიშის მომზადების პერიოდისთვის მხოლოდ ერთ შემთხვევაში (3,6% – 1/28) აღინიშნა კრიტიკულად მძიმე კლინიკური მიმდინარეობა (პაციენტი მამაკაცი, 48 წლის, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე)” – ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 800 პაციენტის მონაცემები, მათ შორის 390 იყო კაცი და 410 – ქალი. პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 90 წელი, ხოლო მინიმალური 9 თვე. საშუალო ასაკი იყო 42  წელია. 18 წლამდე ასაკში COVID-19 აღინიშნა 98  შემთხვევაში.

ანგარიშში განმარტებულია, რომ 800 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს, 88 შემთხვევა იყო ასიმპტომური. სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება პრობლემური აღმოჩნდა 166 შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით. კერძოდ, ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება, სიმპტომების აღქმის განსხვავებული მიდგომა, სტიგმატიზაცია. აღნიშნული შემთხვევები კონცეტრირებული იყო ქვემო ქართლის რეგიონში და შეადგენდა ამ რეგიონში გამოვლენილი შემთხვევების 58.4%-ს.

ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების თანახმად, ყველა პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი, ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას, დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერი სიმძიმის შემთხვევაში.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიში იხილეთ სრულად

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g