პერსონალურ მონაცემებს ახალი კანონი დაარეგულირებს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ექსპერტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში ნინო ქურასბედიანმა ისაუბრა.
რას ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების ახალი კანონი?
ცვლილებათა უმეტესობა 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.
განსხვავებულად განისაზღვრა პერსონალური მონაცემების მნიშვნელოვანი სამართლებრივ საკითხები – რეგულირების ისეთი სფეროები, რომლებსაც ადრე კანონი არ ითვალისწინებდა ან სხვა ფორმით არსებობდა.
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ჩნდება ახალი პოზიცია – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, განისაზღვრება აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი, ცვლილებები შეეხო ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა პირდაპირი მარკეტინგი…
ვინ არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და რა როლი ექნება მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფარგლებში?
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი წარმოადგენს ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც მონაცემთა დამუშავების პროცესებზე ახორციელებს როგორც სამართლებრივ, ისე ტექნიკურ კონტროლს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება გაუჩნდებათ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ამუშავებენ დიდი მოცულობით მონაცემებს, მაგალითად: ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საკრედიტო დაწესებულებები, კლინიკები და ასე შემდეგ.
მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებში უნდა შედიოდეს, სულ მცირე:
– მონაცემთა დამუშავებამ, რიგ შემთხვევებში (მაგალითად, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დროს), შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მონაცემების დაცულობას და შესაბამისად – პირთა უფლებებს. თუ მონაცემთა დამუშავება, დიდი ალბათობით, წარმოშობს პირთა უფლებების დარღვევის საფრთხეს, ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, დამუშავების დაწყებამდე შეაფასონ არსებული რისკები, მათი გავლენა პირთა უფლებებზე და წინასწარვე განსაზღვრონ აღმოფხვრის/შემცირების გზები. აღნიშნული პროცესის სწორად წარმართვის მიზნით, ორგანიზაციებს რეკომენდაციებს სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი აძლევს.
რას გულისხმობს პირდაპირი მარკეტინგი და რა ცვლილებას ითვალისწინებს კანონი ამ მიმართულებით?
პირდაპირი მარკეტინგი გულისხმობს, ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით პირთა პირდაპირ ან ირიბ ინფორმირებას, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან წამოწყების, აგრეთვე, საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით. აღნიშნულ ფარგლებში, სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები იქნება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებს პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი ორგანიზაცია. ამასთან, პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გამოიხმოს გაცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება შეწყვიტოს პირის მონაცემების დამუშავების პროცესი. კანონით იკრძალება თანხმობის გამოხმობის უფლების განსახორციელებლად დაწესებულ იქნეს საფასური ან სხვა შეზღუდვა.
მოქმედი კანონმდებლობით როგორ რეგულირდება პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების პროცესი?
მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები, რაც გარკვეულწილად პირის მხრიდან ინტერესის და ნების გამოხატვას მიიღოს სარეკლამო შეტყობინებები, საწყის ეტაპზე არ ითვალისწინებს. ხოლო საკანონმდებლო სიახლეების გათვალისწინებით, მიუხედავად მონაცემების ხელმისაწვდომობისა, სავალდებულო ხდება თანხმობის გაცხადება იმ პირის მხრიდან, ვინც სარეკლამო შინაარსის შეტყობინებების ადრესატს წარმოადგენს .
ხშირად საკუთარი მონაცემების, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებაზე კომპანიებს თავად ვთანხმდებით, როდესაც მაგალითად ფასდაკლების ან ლოიალობის ბარათს ვხსნით. თუმცა კომპანიებს ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენება მაშინაც შეუძლიათ, თუ ეს ინფორმაცია საჯაროდაა გამოქვეყნებული, მაგალითად ტელეფონის ნომერი ყიდვა-გაყიდვის საიტზე და ა.შ. თუმცა, მნიშვნელოვანია, გვქონდეს საშუალება უარი ვთქვათ მასზე – იმავე ფორმით რა ფორმითაც მოხდა შეთავაზება, ან სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებებით.
სარეკლამო შეტყობინებას აუცილებლად უნდა ახლდეს უარის თქმის მექანიზმი და მკაფიო მითითება იმაზე თუ როგორ შეგვიძლია სარეკლამო შეტყობინების მიღების შეწყვეტა.
სანქციების ცვლილებას ითვალისწინებს თუ არა ახალი კანონის შინაარსი?
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის განახლებული რედაქციით, შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები მიება მონაცემების დამმუშავებლის წლიურ ბრუნვას და სწორედ ამ ფორმით მოხდა სანქციების დიფერენცირება. შესაბამისად, მონაცემთა დაცვის რეგულაციების სტანდარტის გაზრდამ, ბუნებრივია, სანქციების ზრდა გამოიწვია.