რას მოიცავს აგროოლიმპიადის პროექტი – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა ისაუბრა.
რას მოიცავს აგროოლიმპიადის პროექტი?
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა(FAO) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
მიმდინარე წელს, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 10 ოქტომბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა.
ვინ წარმოადგენს აგრარული ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას?
ოლიმპიადა ტარდება ტესტირების საშუალებით და მოიცავს სამ ეტაპს: რეგისტრაცია, ონლაინ ტესტირება და ტესტირება (მატერიალური ტესტებით).
გამარჯვებულებისათვის დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზი და ჯილდოები ოლიმპიადის ორგანიზატორებისა და სპონსორებისგან.
რა არის ოლიმპიადის მთავარი იდეა?
ოლიმპიადის მთავარი იდეაა მონაწილეთა ცოდნის შემოწმება, გამარჯვებულების გამოვლენა და მათი წარმოჩენა ეროვნულ დონეზე. ოლიმპიადა ტარდება აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, ვეტერინარიის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებებში. შესაბამისად, კონკურსი მოიცავს ფაქტობრივად ყველა პრიორიტეტულ დარგსა და სპეციალობას, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია საქართველოს შესაბამისი პროფილის დასაქმების ბაზარზე.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, ქვეყნის მასშტაბით და ზოგადად რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.
ამჟამად, ეროვნული აგრარული ოლიმპიადის I ტური დასრულებულია.
მიმდინარე წელს ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა 1000-ზე მეტი კონკურსანტი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლებში მონაწილეთა რაოდენობას.
უპრეცედენტოდ მაღალი იყო აქტიურობა მოსწავლეთა კატეგორიაში, რაც ოლიმპიადის მთავარი მიზნისკენ – დავაინტერესოთ ახალგაზრდები აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით – მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
I ტურში, ონლაინ ჩატარებული ტესტირების პროცესში, გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სირთულის 600-მდე ტესტ-კითხვა როგორც სოფლის მეურნეობის დარგების, ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით.
I ტურის შემდეგ, საუკეთესო შედეგის მქონე 140კონკურსანტი ოლიმპიადის II ტურში გადავიდა.
ოლიმპიადის მეორე ტური 29 ნოემბერს გაიმართება.