მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ღვთისადმი მადლიერების გამოხატვის მნიშვნელობასა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ პატივისცემის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„ნუ იქნები უმადური, შესცოდავ. ღმერთმა ადამიანად მოგავლინა და საკუთარი თავის შემოქმედად თავად დაგნიშნა. შენი დანიშნულებაა, სიკეთე აკეთო… რითიც შეგიძლია, სხვა გაახარო და გააბედნიერო… მარტო ის ნუ გეყვარება, ვისაც შენ უყვარხარ. ეს სისუსტეა, ისიც არ უნდა გძულდეს, ვინც ცილს გწამებს და უდიერად გიხსენიებს… მას თავისი გასჭირვებია. შენ ხომ არ იცი, რა რთული ბავშვობა ჰქონდა. მერე რა, რომ მარტო წლები მოემატა, იქნებ ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვიდა, იქნებ სირთულე ვერ დაძლია… ასეთების მიმართ ნუ იქნები მკაცრი და დაუნდობელი… პირიქით, გაუღიმე და სირთულეც გაუმარტივე…
ნუ იტყვი, რომ შენ ასე არავინ გექცევა… ეს უმადურობა და დაუნახაობაა… ღმერთი ყველას ყავს, მაგრამ ყველა არ ეძებს ღმერთს… უფალი თუ გულში გეყოლება, შენ არ გეცლება მოსაწყენად… დეპრესია, სტრესი თავის მოტყუებაა… ამას მხოლოდ უმადურობა იწვევს… ყველაფრისთვის მადლობა თქვი… მერე ნახავ, როგორი სიმშვიდე, სიხარული დაგეუფლება!..“
