ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, გიორგი მიქაძემ რამდენიმე დღის წინ „იამაჰა კორპორეიშენთან“ გააფორმა კონტრაქტი, რის შედეგადაც ის პირველი ქართველი ჯაზარტისტი გახდა, რომელიც ზემოხსენებულ კომპანიასთან თანამშრომლობს.
დღესდღეობით, „იამაჰას“ ჯაზარტისტების რიცხვში მსოფლიოში ცნობილი 40-მდე მუსიკოსია გაერთიანებული, მათ შორის ჩიკ კორეა, ტონი ბენეტი, ჰირომი უეჰარა, დანილო პერეზი, ჯეიმი კალუმი, ამიერიდან კი მათ რიგებს გიორგი მიქაძეც შეუერთდა.
გიორგი მიქაძეს მუსიკალური კრიტიკოსები პროფესიონალ და უნივერსალურ მუსიკოსს უწოდებენ, რომელიც ექსპერიმენტებს არ უშინდება და ყველა ჟანრისა და სტილის მიმდინარეობას სიღრმისეულად ფლობს. ქართველი პიანისტი მუდმივად სიახლის ძიებაშია და ნოვატორულ პროექტებს ქმნის, სადაც ვხვდებით ჯაზის, კლასიკური მუსიკის, ჰიპ-ჰოპის და სხვა ჟანრების ნაზავს ქართულ ფოლკლორთან.
გიორგი მიქაძისა და „იამაჰას“ წარმომადგენლებს შორის უკვე დაწყებულია სამომავლო პროექტების დაგეგმვა, რომლის შესახებაც პირველად „ფორტუნას“ მსმენელი და მკითხველი შეიტყობს.
ნინო მურღულია

