რამდენიმე დღის წინ ნეშვილში Country Music Association Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. პრემია ქანთრი-მუსიკაში მიღწეული წარმატებებისთვის გადაიცემა და აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.
აღნიშნულ დაჯილდოვებას არა მხოლოდ ქანთრი-მუსიკის, არამედ მრავალი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ კარლი კლოსი, კიტ ურბანი, ლეა მიშელი, მიშელ მონაგანი, ბრიტნი სნოუ, რუბი როუზი, კერი ანდერვუდი და სხვები.
პრესისა და ფოტოგრაფების განსაკუთრებული ყურადღება 38 წლის პოპ ვარსკვლავს, პინკს ერგო, რომელიც ცერემონიაზე თავის 6 წლის ქალიშვილთან, უილოუსთან ერთად მივიდა. დედა-შვილი ფუშფუშა კაბებით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე, ისინი ნამდვილი პრინცესები იყვნენ – ასე მიიჩნევს პრესა.
მომღერალს ბრენდ Monsoori-ის კაბა ეცვა, წელზე კი შავი ქამარი ეკეთა.
მომღერალმა აგვისტოს თვეში MTV Video Music Awards-ზეც წაიყვანა ქალიშვილი, თუკი ამჯერად დედა-შვილმა პრინცესული იმიჯი აირჩია, წინა დაჯილდოვებაზე მათ მამაკაცური კოსტიუმები ეცვათ. ამისი მიზეზი კი ის გახდა, რომ ვარსკვლავს უილოს მხარდაჭერა სურდა, რომელსაც სკოლაში იმის გამო ავიწროვებდნენ, რომ ბიჭს ჰგავს.