პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოთხივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილს, თემურ ირემაძესა და ანტონ ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
„მოვიძიე ინტერნეტში და შემდეგ გავუგზავნე რამდენიმე მეგობარს. აღიარებას რაც შეეხება, ამას თავიდანვე არ უარვყოფდი. ახლაც ვამბობ, რომ მოვიძიე ეს კადრები ინტერნეტში, გადმოვწიერე და რამდენიმე ადამიანს გავუგზავნე,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ანტონ ღლონტმა.
სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, 4 პირს კი, პატიმრობა. ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.