ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება კითხვები ირანში ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესაძლო შედეგებზე და მის გავლენაზე საქართველოზე.
მოსახლეობის ნაწილი ინტერესდება, უნდა მიიღონ თუ არა იოდი და არის თუ არა საფრთხე რადიოაქტიური დაბინძურების.
კითხვებზე პასუხობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი არჩილ მარშანია, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და ხაზგასმით ამბობს, რომ არანაირი რეალური საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
ექიმის განცხადებითვე, თუ ოდესმე რეალური რადიოლოგიური საფრთხე შეიქმნება საქართველოს მოსახლეობისთვის, ამას ოფიციალური უწყებები აუცილებლად გააჟღერებენ და საჭირო ინსტრუქციებსაც გასცემენ.
„პირადში ხშირად დასმული შეკითხვებიდან:
1 – რა გავაკეთოთ ირანში ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამო?
2 – დავლიოთ თუ არა იოდი?
1 – არაფერი არ უნდა გავაკეთოთ.
2 – არა, არ უნდა დავლიოთ იოდი.
ეს ბირთვული ობიექტები არ არის რეაქტორები, როგორიც იყო ჩერნობილი, უმეტესობა არის ურანის გამამდიდრებელი ობიექტები და არა რეაქტორი.
რადიოაქტიური იოდი კი წარმოიქმნება ოპერირებულ რეაქტორში.
ეს არის სულ რაც უნდა ვიცოდეთ, არანაირი საფრთხე ჩვენთვის არ არსებობს ახლა და დიდი ალბათობით არც იარსებებს მომავალში.
რამე თუ იქნება და აღმოჩნდება რომ ჩვენთვის საფრთხეა, იქნება ოფიციალურ დონეზე გაცხადებული, ასე რომ ჯობია მშვიდად ვიყოთ და არ ავყვეთ უაზრო პანიკას.
დაახლოებით იგივე ამბავია, სულ ახლახან რომ იყო ასევე უაზრო პანიკები უკრაინაზე, იოდს რომ ყიდულობდა ყველა და შავ ზღვაზე, ერთი თვე რომ იმაზე ვმსჯელობდით ბანაობა შეიძლება თუ არა და ზღვის სეზონი რომ მოვიდა, ყველას რომ დაავიწყდა.
ასე რომ გაუფრთხილდით ნერვებს და თუ მაინცდამაინც დაინტერესდებით ამ საკითხით, წაიკითხეთ მხოლოდ ოფიციალური სააგენტოების ინფორმაციები.
ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს არჩილ მარშანია.
❓️პირადში ხშირად დასმული შეკითხვებიდან: 1 – რა გავაკეთოთ ირანში ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამო? 2 – დავლიოთ თუ არა…
Posted by არჩილ მარშანია on კვირა, 15 ივნისი, 2025