ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რეკორდულ ზრდას მთავრობა რეგულაციების გამკაცრებით პასუხობს. მეტროსადგურებში პატრულ ინსპექტორები იქნებიან მობილიზებულები, რომლებიც ადგილზე მგზავრების პირბადის ტარებასა და სხვა საპრევენციო ზომებს გააკონტროლებენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს.
თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელი და გამომსვლელი პირების მიერ პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებ”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ახალი რეკომენდაციით მოქალაქეებმა პირბადე უკვე ღია სივრცეშიც უნდა ატარონ.
ასევე, დღეიდან თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მხოლოდ ღამის ათ საათამდე იმუშავებენ.
დაწესებული შეზღუდვის დარღვევა ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარიან, იურიდიული პირისთვის კი 10 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.