ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრები მიმდინარეობს. ამ წუთებში „ლელო საქართველოსა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და გიგა ბოკერია იმყოფებიან.
შეხვედრაზე იმყოფებოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. როგორც მან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აუდიენციის შემდეგ განაცხადა, საუბარი ეხებოდა იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა შარლ მიშელის დოკუმენტის დამრღვევთა მიმართ.
„მე პირდაპირ და ღიად გეტყვით, რომ დასავლეთი ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებს და აქ საუბარია იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება დაისაჯოს ქართველი ხალხი. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც „ქართული ოცნებიდან“ უშუალოდ მიიღო გადაწყვეტილება შეთანხმებიდან გასვლის შესახებ”,-განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური შეხვედრები იგეგმება.
“პირველი ეტაპი უნდა იყოს მკაცრი, მკაფიო გადაწყვეტილებები და მეორე ეტაპი უნდა იყოს მკაფიო ქმედებები. დასავლეთმა მკაფიოდ გაგვიმეორა, რომ შეთანხმება მათთვის ძალაშია,“- განაცხადა ვაშაძემ.