„პირველად მესმის აღნიშნული. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესძახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, 2026 წელს დაინიშნოს.
კალაძის განცხადებით, „არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, 2028 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები როგორც ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი“:
„გვაქვს ამბიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში იმაზე მაღალი შედეგის მიღება შეგვიძლია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ – ოპოზიცია განწირულია მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში“ – ირაკლი კობახიძე
პრემიერი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული, „ქართული ოცნების“ მოსალოდნელ გამარჯვებაზე კი კვლევები მეტყველებს.
„პირველად მესმის აღნიშნული. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი ქალაქი, რაიონი, სოფელი, უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც დღეს დგას და საჭიროა მოგვარებული იყოს. შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, 2028 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები როგორც ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი.
რაც შეეხება ოპოზიციაში ირაკლი ღარიბაშვილის გადასვლას, აღნიშნული განცხადება არ ვიცი საიდან გამომდინარე იქნა გაკეთებული. გამიჭირდება ამაზე პასუხი. რაც შეეხება ოპოზიციურ ველს, ზოგადად, ძალიან დიდი შესაძლებლობებია. არსებობს უკვე დიდი პლატფორმა და შესაძლებლობა იმის, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები. ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს, არსებობს ქვეყანაში რადიკალური დაჯგუფება, რომელიც არის გამარგინალებული და მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგეს პრობლემას როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ქვეყნისა და ამ ქვეყნის განვითარებისთვის.
ჩვენ ვართ რიგითი ჯარისკაცები, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს სამშობლოსა და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს წაადგება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, კახა კახიშვილმა, გადაცემა „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 2026 წელს დაინიშნოს. ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა „ნამდვილი ოპოზიცია“ შექმნას და თორნიკე რიჟვაძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და იმ ადამიანებს, რომელთაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ და „ისე დარჩნენ“, [ოპოზიციაში] თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცეთ. ამავე კონტექსტში კახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი აზრით, „მოვა დრო და წავა „ქართული ოცნებიდან“.