“პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება” – ეს არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველი იქნება და რომლის ფარგლებშიც მომზადებას შეძლებენ პროფესიული განათლების სპეციალისტები.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – “კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პროგრამა პროფესიული განათლების უახლეს მიდგომებზეა დაფუძნებული და გერმანიისა და სხვა წამყვანი ქვეყნების უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს.
პროგრამისთვის შესაბამისი სასწავლო ლიტერატურა ქართულ ენაზეა ნათარგმნი.
ახალი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ონლაინ ფორმატში განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შეხვდა.
“შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისათვის სათანადო კომპეტენციის მქონე სპეციალისტების არსებობისა და დარგში კვლევების ჩატარების მნიშვნელობაზე.
სტუდენტების მხრიდან დადებითად შეფასდა მიმდინარე სასწავლო პროცესი და ხაზი გაესვა პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში მათი უშუალო ჩართულობის აუცილებლობას.” – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა “კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში” ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და GIZ-ის მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.