დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ.
როგორც ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ისინი კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს, 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს გადაეცათ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.
ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.
ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
ამ საქმეს „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.
ამავე თემაზე: