ნიდერლანდურმა სააუქციონო სახლმა Crown Currency Auction პირველი ქართული საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტი „ევრო 8000“ 3500 ევროდ გაყიდა.
აღნიშნული ბანკნოტი, საკოლექციო ნივთებზე სპეციალიზებული ქართულ-ჰოლანდიური კომპანიის Treasurium-ის დაფინანსებით, ლიმიტირებული ტირაჟით, 5000 ცალია დაბეჭდილი. მის შექმნაზე ბანკნოტების მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტების ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში ცნობილ ქართველ მხატვართან გია ჯაფარიძესა და კალიგრაფიის ქართველ ოსტატთან დავით მაისურაძესთან ერთად მუშაობდა.
საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო – ქვევრი, ქართული კალიგრაფია – სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე წლის ოქტომბერში ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, ევროს სამშობლოში შედგა.