15 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მოქანდაკე ერეკლე წულაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.
სამხატვრო აკადემიის დასრულების და International House-ის სრული კურსის გავლის შემდეგ პროფესიული გამოცდილება ერეკლემ ბალტიის ქვეყნებში შეიძინა. სისტემატიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში და აწყობდა პერსონალურ გამოფენებს.
– ერეკლე, როგორც ვიცი, ხელოვნების გარდა ფეხბურთითაც იყავით გატაცებული?
– მართალია, ხელოვანთა ოჯახში დავიბადე და გენეტიკით მერგო ხელოვნების სიყვარული, მაგრამ მაინც სულ ეზოსკენ მეჭირა თვალი, რადგან მოსვენებას არ მაძლევდა ის საოცარი პერფორმანსი, რასაც ფეხბურთი ჰქვია. ბიძაჩემის (ირაკლი წულაძე) გაზრდილი ვარ, რომელმაც თავიდანვე საკუთარ თავზე აიღო ჩემი კარიერის განვითარება, შემოქმედებით უნარები და წიგნებთან ურთიერთობა დედამ მასწავლა, მანვე შემაყვარა ხატვა, რადგან თვითონაც მხატვარია, ბებიას ინიციატივით კი, ფეხბურთზე დავიწყე სიარული, 35-ე სკოლაში ვსწავლობდი, იქ გატარებული ყოველი დღე ბედნიერება იყო ჩემთვის, თუმცა 2 წლის შემდეგ ტრავმა მივიღე და ჩემს საფეხბურთო კარიერასაც დაესვა წერტილი. თუმცა, მოყვარულის დონეზე დღემდე ვთამაშობ და მინი ტურნირებსაც სიამოვნებით ვაწყობ მეგობრებთან ერთად. იმედი მაქვს, ჩემი უმცროსი ძმები ან დის შვილი, რომელიც 14 თებერვალს – სიყვარულის დღეს დაიბადა, მაინც ითამაშებს ფეხბურთს პროფესიონალურად.
– სულ ცოტა ხნის წინ გქონდათ პერსონალური გამოფენა. როგორ პოულობთ შთაგონებას?
– ყოველი დღე, ყოველი წუთი ინსპირაციის წყაროა, რადგან სრულიად მოულოდნელად შეიძლება დაინახო ან განიცადო ის, რაც შთაგაგონებს და რაღაცის შექმნისკენ გიბიძგებს.
– უამრავი კოლექციონერი ფლობს თქვენს ნამუშევრებს საზღვარგარეთ. რა დამოკიდებულება აქვთ ქართველებს ხელოვნების მიმართ და რამდენად ხშირად გიჩნდებათ ახლის საქართველოში შექმნის სურვილი?
– ჩემი ნამუშევრები მართლაც მრავალ ქვეყანაშია გაფანტული. ქართველებისგან განსხვავებით უცხოელებს სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ ხელოვნების მიმართ. რა თქმა უნდა, ახლის შექმნის სურვილი ნებისმიერი ადამიანის მოთხოვნილებაა, თუმცა „ახალიც“ საკმაოდ პირობითი განსაზღვრებაა. მაგალითად, მაქვს ნამუშევრები, რომლებიც ერთი წლის წინ სიახლედ მეჩვენებოდა, ახლა კი, ვხვდები, რომ ყველა ნამუშევარს სიტუაციის შესაბამისად, არსებულ გარემოზე მორგებით ვქმნიდი.
– რას ნიშნავს თქვენთვის ქველმოქმედება და რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ხელოვნების თაობიდან თაობისთვის გადაცემა?
– ხშირად ვჩუქნი საკუთარ ნამუშევრებს მათ, ვისაც გულწრფელად მოსწონს, ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს ჩემი ქალაქის მიმართაც. მეტიც, როგორც საკუთარ სახლზე ვზრუნავ, ზუსტად ისე ვზრუნავ და ვცდილობ გავალამაზო ჩემი ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
– ძალიან ორიგინალური ნამუშევრით გეგმავთ მზიურის გალამაზებას. კონკრეტულად როდის უნდა ველოდოთ „ბეგის“ სკულპტურას?
– ძალიან ვამაყობ ამ პროექტით, რადგან სოლიდურ კონკურსში გაიმარჯვა უამრავი არაჩვეულებრივი სკულპტორის მონაწილეობით. თუმცა, სიხარულთან ერთად პასუხისმგებლობაც ვიგრძენი, რადგან მუშაობის პროცესში ყოველთვის უამრავი ნიუანსი ჩნდება შესაცვლელი და დასახვეწი. საბედნიეროდ ლოკაციაც შერჩეულია და დოკუმენტაციაც გავამზადეთ. პროექტზეც დავიწყე მუშაობა, თუმცა დაზუსტებით ნამვილად არ ვიცი როდის დასრულდება. იმედი მაქვს მასიურ სკულპტურას, რომლის გაბარიტები 3 მეტრს აღემატება, არავინ დააზიანებს და არ გააფუჭებს, რადგან მართლაც მთელი გულით ვმუშაობ. აქცე მინდა ავღნიშნო კუს სკულპტურაც, რომელიც ერთგვარი საქველმოქმედო ჟესტი იქნება ჩემი მხრიდან. ამასთანავე, ჩემი უფროსი მეგობრის, არაჩვეულებრივი ექიმის ედიშერ სიხარულიძის ინიციატივით, მალე თბილისში მსოფლიო ემიგრაციისთვის მიძღვნილი ძეგლი დაიდგმება, რაც ამჯერად მისი მხრიდან იქნება ქველმოქმედება. ერთობლივად შევქმენით ჯერ პროექტი, მერე 7-მეტრიანი სარკისებრი უჟანგავი ფოლადის ძეგლი, რომელიც ახლა საზღვარგარეთაა და პანდემიის დასრულებისთანავე ჩამოვიტანთ.
– როდის განიცადეთ პირველი სიყვარული?
– პირველად სიყვარული 16 წლის ასკში მეწვია, 3 წელი შეყვარებული ვიყავი, თუმცა არაფერი გამოვიდა რადგან ჩემი რჩეული საზღვარგარეთ გაემგზავრა, მე კი, საქართველოში დავრჩი. იმედი მაქვს, მსგავსი გრძნობის განცდის ბედნიერება კიდევ ერთხელ მაინც მექნება.
– როგორია თქვენი ყოფითი ცხოვრების სტილი?
– ძალიან მიყვარს მუშაობა, რადგან სამუშაო პროცესი ყოველთვის საინტერესო და რაც მთავარია დასვენების, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. თავისუფალ დროს ბუნებაში ვატარებ, მიყვარს სეირნობა, ფეხბურთის თამაში და ე.წ. ბარბიქიუს მოწყობა, რადგან საოცარი გურმანი ვარ, თუმცა ჩემს მთვარ გატაცებად მაინც მოგზაურობას, მუზეუმების სტუმრობას, ახალი ადამიანების და ქვეყნების გაცნობას ვთვლი. ბოლო დროს სულ უფრო მეტად ვინტერესდები კინოთი, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს, სამომავლოდ კი, თვითონ ვგეგმავ მოკლე ფილმების გადაღებას საკუთარი სცენარით.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს?
– გააჩნია რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები.
ბლიცკითხვები:
– საკუთარი ნამუშევრების გარდა, კიდევ რისი კოლექცია გაქვთ?
– ბავშვობაში ავტომობილების მოდელებს და ბურთებს ვაგროვებდი.
– ინსპირაცია, რომელიც ჩვენს სტუდიაში გებადებათ?
– საოცრად კარგი ენერგეტიკით ვივსები, ამიტომ საინტერესო, დინამიურ სკულპტურას შევქმნიდი.
– რა ასაკში შექმენით პირველი ნამუშევარი?
– მშობლების გადმოცემით, პირველი სკულპტურა – ლომის რელიეფური ფიგურა ოთხი წლისამ გავაკეთე.
– რა გიქმნით ყველაზე დიდ დისკომფორტს?
– ალბათ ადამიანების დაუფასებლობა და უყურადღებობა.
– რას ნიშნავს თქვენთვის კომფორტი?
– ჩემთვის კომფორტი შემოქმედებაზე ფიქრი და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაა. განსაკუთრებით ბებოს ჩახუტება და ჩაკოცნა მიყვარს.
– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ამაყი ვარ, რომ ასეთი დედა, ბიძა, ოჯახი და მეგობრები მყავს.
– საყვარელი ფილმი და რეჟისორი?
– ბევრი ფილმი მიყვარს, თუმცა ყველაზე მეტად ემირ კუსტურიცას და მის „არიზონას სიზმარს“ გამოვყოფდი.
– ტანსაცმლის ბრენდი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ?
– ძალიან ბევრია, ამიტომ ვერცერთს ვერ გამოვყოფ.
– რა სტილის მუსიკას უსმენთ?
– Radiohead-ის და Red Hot Chili Peppers-ის მუსიკაზე გავიზარდე, თუმცა მოგვიანებით ჯაზით, მაილს დევისის და ოსკარ პიტერსონის შემოქმედებით დავინტერესდი, ახლა კი, მეტწილად ჩინურ და იაპონურ ფოლკლორს ვუსმენ.
– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– პირველ რიგში, უნდა უყვარდეს ის, რასაც აკეთებს, რადგან როცა სიყვარულია, ინტერესიც ჩნდება, ინტერესს კი, აღქმა, შეცნობა, საქმის საფუძვლიანი ჩაწვდომა მოაქვს, რაც საბოლოოდ განვითარებით და პროფესიონალიზმით სრულდება.
გადაცემის აუდიოჩანაწერი