LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოეტების ყურე: ადგილი მდიდარი ისტორიით, რომელიც ჩინკვეტერესაც ჯობია

629
gulf-of-poets-castle

რა ქვია ოფიციალურად ამ ყურეს, ალბათ არავის ახსოვს. მაგრამ ბევრმა შესანიშნავად იცის მისი „სახალხო-ტურისტული“ სახელწოდება – პოეტების ყურე. ის ჩრდილოეთ იტალიაში ლიგურიის ზღვაზე მდებარეობს. ასეთი სახელი კი ორი დიდი ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის – ბაირონისა და შელის პატივსაცემად მიიღო, რომლებსაც მე-19 საუკუნის დასაწყისში აქ უყვარდათ ხეტიალი.
ნებისმიერი იქაური მოგიყვებათ როგორ გადაცურავდა ბაირონი დღეში რამდენჯერმე ყურეს, ხოლო მისმა თანამეინახე შელიმ ცურვა არ იცოდა და ერთხელ იახტით სეირნობისას კინაღამ დაიხრჩო შტორმისას. ახლა კი აგვისტოში „ბაირონის გაცურვები“ ეწყობა, რომლის მონაწილეები ლორდ ბაირონის მარშრუტით დაცურავენ ლერიჩიდან პორტოვენერემდე. ეს კი ერთი მიმართულებით ათი კილომეტრია.
თვალწარმტაცი-რომანტიული ადგილების მიუხედავად აქ უცხოელი ტურისტები ბევრი არ არიან. ჩასულები ახლოს მდებარე სახელგანთქმული ჩინკვე-ტერესკენ (ხუთი მიწა) გარბიან. არადა, სულ ტყუილად…

სამაგიეროდ ჩვენ გავიაროთ პოეტების ყურის სანაპიროზე და რამდენიმე საინტერესო ადგილი მოვინახულოთ.

 

ტელარო

ყველაზე სამხრეთ დასახლება ძალიან გავს ჩინკვე-ტერეს ქალაქებს. არადა, ბევრი ვინც ნამყოფია რიომაჯორეში, მანაროლეში, ვერნაცეში, კორნილიეში ან მონტეროსოში, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ესენი უფრო ლამაზი და მყუდროა. აქაც ცენტრალური ქუჩები ზღვას ერწყმის, ხოლო ის, რომ ხალხი პირდაპირ ქუჩაში იწვეს გასარუჯად, ეს მხოლოდ ტელაროშია შესაძლებელი.
ქალაქის მთავარი ლეგენდის გმირი გიგანტური რვაფეხაა. უხსოვარ დროში, როდესაც ტელაროს შუაღამით მეკობრეები მიუახლოვდნენ, რვაფეხა ხმელეთზე ამოძვრა, სამრეკლომდე მიაღწია (დღემდე დგას იმავე ადგილზე) და ზარები შემოკრა. ხალხმა გაიღვიძა დ მტერი მოიგერია. მითიური გადამრჩენელი ტელაროში ყველგან შეგხვდებათ.
უშუალოდ ქალაქში ბანაობა არა არის მოსახერხებელი (ქვიანი სანაპიროა), მაგრამ გარშემო რამდენიმე საზოგადოებრივი პლაჟია. განსაკუთრებით ურჩევენ მეზობელ ქალაქ ფიაჩერინოს (Fiascherino): თვალწარმტაც კლდეებს შორის მოქცეული ზღვა და მსხვილი ქვიშის სანაპირო. პლაჟი კი უფასოა, მაგრამ წამოსაწოლი და ქოლგა დაახლოებით 20 ევროა.

ლერიჩი

ალბათ ყველაზე ბურჟუაზიულია. სწორედ აქ ცხოვრობდა შელი მეუღლე მერისთან ერთად (სხვათა შორის, ცნობილი „ფრანკენშტეინის“ ავტორი) და ბაირონი თავის მეგობარ და მდივან კლერ კლერმონტთან. ლერიჩის მეზობელ სან-ტერენცოში დღემდეა ვილა, რომელსაც შელი ქირაობდა.
ლერიჩიში ბევრი ქვიშის პლაჟი და კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურაა, ამიტომ აქ ძირითადად ოჯახური პუბლიკა ისვენებს. კურორტის თავზეა შუასაუკუნეების ციხესიმაგრე (XIII ს), რომელიც პიზელებმა ააგეს და მერე გენუელებმა გააფართოვეს. ახლა აქ პალეონთოლოგიური მუზეუმია, ხოლო გვირაბს რომანტიულ რესტორნამდე მიყავხარ.

 

ლა სპეცია

კამათი იმაზე, რომელია სწორი ლა-თი თუ ლა-ს გარეშე ასწლეულებია მიდის. ოფიციალურად ლა-თი იწერება, საუბრისას კი ლა შორდება.
შელი სპეციას „ოცნებებისა და სიყვარულის ცისფერ ქალაქს“ უწოდებდა. დღეს ძველებურად რომანტიული აღარ არის, სპეცია ადმინისტრაციული ცენტრია, ამავე დროს მსხვილი სავაჭრო პორტი და სამხედრო-საზღვაო ბაზა თავისი მრავალი სამრეწველო საწარმოთი.
თუმცა სანახავიც არის: პალმემით მორთული სასეირნო ზღვასთან, რამდენიმე საინტერესო მუზეუმი. მაგალითად, სამხედრო-საზღვაო მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. აუცილებლად სანახავია წმინდა გიორგის შუასაუკუნეების ციხესიმაგრე, საიდანაც საუკეთესო ხედი იშლება. იქვეა არქეოლოგიური მუზეუმი.

 


პორტოვენერე

ეს საყვარელი ქალაქუკა მხოლოდ ერთი ქუჩისგან შედგება. აქ მშვიდად ჯდომა და ტურისტული ბორანების ცქერა ალბათ საუკეთესოა სიბერის გასატარებლად.
პორტოვენერე, როგორც ვთქვით, ბაირონის მარშრუტის ბოლო წერტილია, ამიტომ აქ ბევრი „ბაირონის“ ადგილია. უპირველესად ბაირონის ქვაბული, სადაც გადმოცემის თანახმად პოეტს ლექსების ხმამაღლა კითხვა უყვარდა. ასევე წმინდა პეტრეს ეკლესია, რომელსაც ბაირონი მსოფლიოში ყველაზე რომანტიულ ნაგებობად მიიჩნევდა.
პორტოვენერე მარტო dolce farniente-სთვის – ტკბილი არაფრისმაქნისობა – როდია. მისი გარეუბნები იდეალურია ფეხით სეირნობისთვის. შეიძლება დორიას ოჯახის ციხესიმაგრემდე ასვლა ან ფეხით გაემართოთ ჩინკვე-ტერესკენ და „ხუთწახნაგა“ სხვა რაკურსიდან დაინახოთ.


როგორ მივაღწიოთ პოეტების ყურემდე

ყველაზე ახლოს პიზას და გენუას აეროპორტებია. ორივე ამ ქალაქიდან ლა სპეციამდე დაახლოებით ასი კილომეტრია, ამ გზის გავლა კი მატარებლით ჯობს. სპეციადან პორტოვენერემდე, სან-ტერენცომდე, ლერიჩიმდე და ტელარომდე ადგილობრივი ავტობუსები დადიან (2.5 ევრო).
ფასები დაახლოებით ასეთია: ბორანი: ლერიჩი-პორტოვენერე – 8 ევრო ერთი მიმართულებით, 13 ევრო ორი გზა. სპეცია-პორტოვენერე – 6 და 10 ევრო. ყურეს ბორანი დაახლოებით 40 წუთში ფარავს. ბოლო ბორანი შუადღეს, სამ საათზე გადის, უკან 6 საათზე ბრუნდება.
ისე, ფასები იმდენად ხშირად და წარა-მარა იცვლება, რომ იქ ჩასულებს ალბათ უკვე სხვა ტარიფები დაგხვდეთ.

ეს ბორანები პორტოვენერედან გზას ჩინკვე-ტერემდე აგრძელებენ და ხუთივე სოფელ-ქალაქში შედიან. აი ეს კი უკვე სხვა ისტორიაა და სხვა დროს იყოს.