LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ერევა – NGO

117

26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის ქმედებებს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეშ ჩარევის ფაქტად აფასებს არასამთავრობო სექტორი.

როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას. პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი ამ ფორმით განეგრძოთ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების, კარვის ჩამორთმევის და ავტომანქანის ჩხრეკის შესახებ. ამავე დღეს, დაახლოებთ 23:00 საათზე, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს და მასთან ერთად მყოფ პირს, არ მისცეს შესაძლებლობა შეერთებოდნენ მიმდინარე აქციას და ძალისმიერი მეთოდებით ჩამოართვეს ჩანთა, რომელშიც კარავი იყო შენახული. აქციის ტერიტორიაზე მათი შეშვება, მხოლოდ კარვის ჩამორთმევის შემდეგ გახდა შესაძლებელი,”- აღნიშნულია არასა,ტავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ასეთივე შეფასებას აძლევენ არასამთავრობო ორგანიზაციები 11 სექტემბერს ამავე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

“ამ დრომდე უცნობია შესაბამისი უწყებების მხრიდან მოჰყვა თუ არა სათანადო რეაგირება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევას.
პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობას, რაც უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს შეკრების ჩატარებას იმ ფორმით, რომელიც მშვიდობიანია და არჩეულია აქციის მონაწილეთა მიერ. აქციის ფორმის, დროისა და ადგილის არჩევის უფლება ისევეა შეკრების უფლების ნაწილი, როგორც მისი შინაარსი და კარავი შესაძლოა წარმოადგენდეს აქციის გაგრძელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ატრიბუტს,”- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში მოყვანილია 2011 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სადაც შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ დროებითი კონსტრუქციების განთავსების აკრძალვის შესაძლებლობა კი მხოლოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კონტექსტში, სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით განიხილა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს-ის განმარტება, რომ აღნიშნული აკრძალვა ემსახურებოდა პროვოკაციული ქმედებების თავიდან არიდებას, უსაფუძვლოა.
“სასამართლოს განმარტებით “შეკრებაში მონაწილენი თავად განსაზღვრავენ იმ ფორმას, რომელიც შეკრების მიზანს საუკეთესოდ გამოხატავს5”.  (“შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას6”) საქართველოს კონსტიტუცია კი ამ უფლების შეზღუდვას დასაშვებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს თუკი მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ხაზგგასამით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას იმ შემთხვევაში თუკი იგი ხელს არ უშლის გზის სავალ ნაწილს. ამდენად, სამართალდამცველთა ქმედება არამხოლოდ უკანონო, არამედ, არაკონსტიტუციურია.
პოლიციის ქმედება ასევე წინააღმდეგობაში მოდის ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით7, დადგინდა, რომ წინასწარი თანხმობის გარეშე კარვის დადგმის განთავსება ჯდება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში. სასამართლომ განმარტა, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროისა, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას“.
აღსანიშნავია, რომ “შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით” წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ აღნიშნული აკრძალვა ემსახურებოდა პროვოკაციული ქმედებების თავიდან არიდებას, მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უსაფუძვლოა და გვაფიქრებინებს, რომ პოლიცია მოქმედებს არა საზოგდოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, არამედ პროტესტის გამოხატვისათვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით.
ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ:
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა და აქციის მონაწილეებს მისცენ შესაძლებლობა აქციის მიმდინარეობისას განათავსონ კარავი;
  • მთავარ პროკურატურას, მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენბით აღნიშნული უფლების უკანონოდ შეზღუდვაში,”- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
მწვანე ალტერნატივა
საფარი
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
თანასწორობის მოძრაობა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
magti 5g