პოლიციამ სურამში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული, 1986 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. უწყების ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს – თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა,” – აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დაიწყო.