პოლიციამ იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთი პირის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
რაც შეეხება მეორე პირს, იგი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 6 ვაზნით.
„დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.