რუსთაველის გამზირზე გზა გაიხსნა. პოლიციამ კორდონი გახსნა. ტერიტორიიდან გაიყვანეს ავტობუსებიც, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ყოფდა.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი იმყოფება.
აქციაზე ისმის შეძახილები: “მშვიდობა” , “გახარია წადი”.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პარლამენტის შენობასთან დარჩენას და საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.
“ჩვენი გეგმაა, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს. ისინი მოტყუებით ჩამოყვანილი საწყალი ადამიანები არიან, რომლებიც სხვა აქციაზე მოიყვანეს და სხვა აქცია დახვდათ. მე მგონი მათთან ლაპარაკი შეიძლება და ვაპირებთ, რომ ვილაპარაკოთ”, – განაცხადა დიღმელაშვილმა.
პარლამენტის წინ გადაინაცვლეს სამართალდამცველებმაც. ორი აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი ყოფს.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.
რუთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.
შეგახსენებთ, ღამის განმავლობაში ადგილზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირება, ასევე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა ბოთლები დაუშინეს.
შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პარლამენტთან აქციას უკვე მე-20 დღეა მართავენ, „თბილი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კი რუსთაველის გამზირზე გუშინ მივიდნენ. მათი განცხადებით, ლგბტ თემს დედაქალაქის მთავარ გამზირზე „პრაიდის“ ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, თუმცა აღნიშნული ღონისძიების რუსთაველზე გამართვა დაანონსებული არც იყო.