პოლიციამ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე თბილისში ორი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ. და მისი მეუღლე – ა.ს. არასრულწლოვანს – 2014 წელს დაბადებულ ვ.დ.-ს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ს. და მ.დ. ბრალდებულების სახით, თბილისში დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას.
საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.