LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკისა და მუსიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია… „რუსული კანონი“, არა მხოლოდ საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი შემოქმედებითი და კულტურული ეკოსისტემის განვითარებას, არამედ ანადგურებს აქამდე მიღწეულ პროგრესს“- ქართული მუსიკალური სივრცეების, ფესტივალებისა და კოლექტივების განცხადება

121
განცხადება

ქართული მუსიკალური სივრცეები, ფესტივალები და კოლექტივები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, დღეს საქართველოს ევროპულ ოჯახთან გაერთიანებას საბოტაჟს უწყობენ, ხოლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი საფრთხეს უქმნის მათი შემოქმედებითი და კულტურული ეკოსისტემის განვითარებას:

„ქართული მუსიკალური სივრცეების, ფესტივალებისა და კოლექტივების განცხადება:

ხელოვნება ყოველთვის იყო ინსტრუმენტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ, მუსიკალური სივრცეების წარმომადგენლები ვთვლით, რომ პოლიტიკისა და მუსიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება, ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა. სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება თითოეული ჩვენგანი და ასეთი გარემოს შექმნას ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაში.

გვჯერა, რომ ნებისმიერ სფეროში დამყარებულ პროფესიულ და მეგობრულ კავშირებს, თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ისტორიულად მთავარი, და კონსტიტუციურად დაცული მიზნის მიღწევაში. მიზანი კი, ევროპულ ოჯახთან გაერთიანებაა. ამ მომავალს დღეს საბოტაჟს უწყობენ. რუსული კანონი, არა მხოლოდ საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი შემოქმედებითი და კულტურული ეკოსისტემის განვითარებას, არამედ ანადგურებს აქამდე მიღწეულ პროგრესს, რომელიც მოვიპოვეთ ისტორიული სირთულეების მიუხედავად.

ჩვენ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების, ძალადობის, მუქარის და უსამართლობის მიუხედავად ვდგავართ ერთად, ერთხმად ვეუბნებით არას რუსულ რეჟიმს და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შეცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს, ჩაახშობს განსხვავებულ აზრს და საქართველოს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.

გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია. ერთიანობას ყოველთვის მოაქვს ცვლილება—გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: „რადიო თავისუფლება”

ქართული მუსიკალური სივრცეების, ფესტივალებისა და კოლექტივების განცხადება: ხელოვნება ყოველთვის იყო ინსტრუმენტი…

Posted by პროფესიო • Profesio on პარასკევი, 24 მაისი, 2024