საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ეროვნული თანხმობის მიღწევაზე კვლავ იქნება მისი ძალისხმევა გაწეული, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.
“მოქალაქეების” დეპუტატის, ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მას პოლიტიკოსების შერიგების დიდად სჯერა, თუმცა ამის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა შეიძლება გამონახონ საერთო ინტერესები, ხოლო მათ შორის დიალოგისთვის პრეზიდენტის პლატფორმის გამოყენება შეიძლება.
„პრეზიდენტის ინიციატივა კარგია, მას სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ საქართველოში დაიკლოს, მაგრამ პოლიტიკოსების შერიგების დიდად, სიმართლე რომ გითხრათ, არ მჯერა.
შეიძლება მათ საერთო ინტერესები ამოძრავებდეთ და ამან გარკვეულწილად განსხვავებული მოქმედება აიძულოს, მაგრამ ის, რომ ადამიანები წლებია ერთმანეთს ლანძღავენ და უშვერ გამონათქვამებს არ იშურებენ, ეს ხალხი რომ ერთმანეთის მეგობარი არ გახდება, ეს ყველას კარგად გვესმის. ამ შერიგების უკან უფრო ვხედავ პროცესს, რომელიც პოლიტიკაში ურთიერთობის რაღაც სტანდარტს დაამკვიდრებს და პოლიტიკური პარტიები საერთო ინტერესებს მოძებნიან. პრეზიდენტის როლი მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის პლატფორმა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დიალოგი დაიწყონ, მაგრამ ხელშესახები შედეგების მიღწევა, თან მოკლედ დროში, ძალიან რთული იქნება, თუმცა, მივესალმები ამ ინიციატივას,”- განაცხადა იოსელიანმა.
პარტია „ლელოს” დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ დეპოლარიზაციას ხელი შეეწყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტი კიდევ გამართავს შეხვედრებს, “ლელო” მონაწილეობას მიიღებს.
„რაც შეეხება ეროვნული თანხმობის თემას, იცით, რომ ჩვენ, როგორც კი საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა მისი სურვილი, რომ ამ პროცესისთვის ხელი შეეწყო, მონაწილეობა მივიღეთ შეხვედრებში. თუ იქნება შემდგომი შეხვედრები, ვფიქრობ, მონაწილეობას გავაგრძელებთ, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა – დღეს თუ რაიმე არის ჩვენი საზოგადოების გახლეჩის მიზეზი და იმის, რომ ქვეყანაში პოლარიზება არის პრობლემა, ეს არის ორი მთავარი საკითხი-ერთი არის ის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სამწუხაროდ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ვერ მივაღწიოთ წარმატებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამიტომ, პოლარიზაცია დღეს არის ხელისუფლებასა და დანარჩენ საქართველოს შორის, რომელსაც ძალიან მყარად სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ჩვენ კონკრეტული მოთხოვნები მოგვცეს და ამ მოთხოვნებს შორის არის მაგალითად, მედიის თავისუფლების თემა.
მეორე საკითხი, რომელიც საზოგადოების გახლეჩას იწვევს, ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება. მსურს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს შევახსენო, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმარი, დამოუკიდებელი მასმედიის, “მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია. ნიკა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის მიერ, მისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლების გამოყენება იქნებოდა მათ შორის ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს დეპოლარიზაციას, ისევე, როგორც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების გზაზე კონკრეტული წინსვლის უზრუნველყოფას”,-განაცხადა სამადაშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ეროვნული თანხმობის თვალსაზრისით პრეზიდენტის ძალისხმევას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და ეს პროცესი რთულად მიმდინარეობს.
„ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვიყავით და მისი მხარდამჭერი ვართ, რადგან ლოგიკურად ალტერნატივა რა არის? – ეროვნული თანხმობა და დაპირისპირება, პოლარიზება და სიძულვილი, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, თანხმობა სჯობს. ეს პროცესი რთულად მიდის. რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს, ან რა იქნება ამის შემდეგ, არ ვიცი. დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა თანხმობაზე საუბარი არ არის. მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტს არ სურს, ხელი ჩაიქნიოს, რადგან მნიშვნელოვანი საქმეა და ამას შეეჭიდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, ამ პროცესს გულშემატკივრობს, მაგრამ სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ეროვნული თანხმობა მიიღწევა.
„როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ეშვება, არ უნდა აღიარება, რომ რთულია ეროვნული თანხმობა“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ თავად იდეა კარგია და პოლიტიკურმა პარტიებმა პოლარიზაციის შემცირებისკენ ნაბიჯები უნდა გადადგან, თუმცა დასძენს, რომ რამდენად ობიექტური იქნება პრეზიდენტი, ამაზე ვერ ისაუბრებს.
უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, ეროვნული თანხმობა და რადიკალიზაციის შემცირება საქართველოს ინტერესშია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის ქმედებები ადასტურებს, რომ მათ დიალოგი და ეროვნული თანხმობა არ სურთ.
„საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა და რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ იქვე მივუთითებთ, რომ გამორიცხულია ეს გამოვიდეს. რატომ? იმიტომ, რომ ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები, შიდა ლობისტები, თუ გარე ფასიანი ლობისტები. პირველი პუნქტი, რაც გვითხრა ევროკომისიამ, მას არ ასრულებენ და არღვევენ. დამთავრებული არ ჰქონდა 12 პუნქტიანი გეგმის ჩამონათვალი ევროკომისიას და უკვე გადადგომით, ჩამოგდებით და რევოლუციური სცენარებით გვემუქრებოდნენ. ამიტომ, ეს გამორიცხულია.
მათ საპასუხოდ, დღეს შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება, მათ შორის შეხვდება ამ რადიკალებსაც, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ვინც არიან. მაინც ვხვდებით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ, ამ ქვეყანას სჭირდება დუღილის ტემპერატურის შემცირება, კანონპროექტებზე მუშაობა და არა “გიჟი ჯაფარა” რომ დარბის და ზომავს როდის შემოვარდეს, ახალგაზრდები რომ უნდა ჩაითრიოს ამ უბედურებაში. ჩვენ ეს 20 ივნისს გავიარეთ. ტრაგედია იყო ის, რაც მოხდა“,- განაცხადა ზარქუამ.
“არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ, ეს მხოლოდ ჩემს ხელში არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა!”- განაცხადა გუშინ, 11 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა.