LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოლიტიკური ფაქტორის გავლენა ლარზე მინიმუმ 1 თვე მაინც გაგრძელდება” – პრემიერის გადადგომის შედეგები

18
20180913184408

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მთავრობის მეთაური გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახარიამ თავისი გადაწყვეტილება მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობით ახსნა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას დაკავების საკითხს უკავშირდებოდა.

რა გავლენას იქონიებს პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვება ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენით შექმნილ ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში?

აღნიშულ თემაზე „ბიზნესკურიერს“ ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ესაუბრა.

გახარია პოლიტიკაში კერძო სექტორიდან მოვიდა. რომ გადავხედოთ მის ბიოგრაფიას, 2008-2013 წლებში ის აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში (Lufthansa Service Holding AG. LSG in Frankfurt, Germany-ის) ბიზნესის განვითარების დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013 წლის მარტში ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა, სადაც 2016 წლის ივლისამდე დაჰყო.

1 წლის განმავლობაში, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გახარიას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა.

როგორ აფასებთ გახარიას პრემიერ მინისტრობას, როგორც აღვნიშნე ის თავად კერძო სექტორიდან მოვიდა, რა მისცა ჩვენს ეკონომიკას გახარიას პრემიერ მინისტრობამ?

„თუ მაკროეკონომიკური კუთხით შევხედავთ, 2017 წლიდან 2018 წლამდე საშუალო ეკონომიკური ზრდა 4,5 პროცენტი იყო, მაგრამ მთავარი გამოწვევა, რაც იყო მაშინაც და რაც დღესაც არის ესაა ვალუტის კურსი, უმუშევრობა, ფასების ზრდა და ა.შ.

თუ გადავხედავთ ინვესტიციების კუთხით, 2017 წლიდან იწყება ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების შემცირება, ყველაზე მცირე ინვესტიციების შემოდინება დაფიქსირდა 2020 წელს, ეს უკვე პანდემიის შედეგია, თუმცა არც მანამდე იყო ინვესტიციების ზრდა 2017 წლიდან მოყოლებული.

რაც შეეხება კომუნალურების ტარიფებს. ჩვენ გვაქვს ტარიფების ზრდა ასევე 2017 წლიდან, ტარიფის მატება დაიწყო გაზზე რამდენჯერმე შეიცვალა ბუნებრივ აირზე როგორც კომერციულ, ისე კერძო სექტორში დაფიქსირდა ტარიფების ზრდა და როგორც მოგეხსენებათ, დენზეც მოიმატა გადასახადებმა.

რაც შეეხება ლარის კურსის, 2017 წლის მარტიდან ლარის კურსი იწყებს გაუფასურებას.

2.40 იყო და დღეს ვხედავთ 3.30-იანი ნიშნულს. საკმაოდ დიდი გაუფასურება მოხდა ამ პერიოდში.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდს, ჩვენი გიორგი გახარიას მმართველობის დროს ვხედავდით ხშირად იკრიბებოდა ანტიკრიზისული საბჭო, მას ჰქონდა ასევე შეხედრები ბიზნესთან, იყო გარკვეული დაპირებები, შეღავათები, იქნებოდა ეს სასტუმროები, ჯანდაცვის სფერო, სარესტორნო ბიზნესი. მოგეხსენებათ ბევრ მათგანს გაეწია დახმარება.”

ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ გახარიას გადაწყვეტილება კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს, ისინი ამბობენ, რომ ბიზნესისთვის ყოველი დღე გადამწყვეტია. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ბიზნესს მუდმივად ჰქონდა განცდა, რომ პრემიერისგან შეიძლებოდა დახმარების მიღება. ახლა როგორ განვითარდება მოვლენები? რას უნდა ველოდოთ კონკრეტულად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს პრემიერის გადადგომამ და ზოგადად პოლიტიკურმა პროცესებმა ვითარებაზე, რასაც უახლოეს პერიოდში თვალსაჩინოდ დავინახავთ?

„გიორგი გახარიას ჰქონდა მსხვილ ბიზნესებთან შეხვედრა, საშუალო და მცირე ბიზნესთან ნაკლებად ჰქონდა. ძირითადად, ის აჩენდა მოლოდინებს და განწყობის შენარჩუნებას ახდენდა, რაიმე რეალური რომ გაკეთებულიყო ბიზნესები იტყოდნენ, რომ კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ ისინი იყვნენ მოლოდინის რეჟიმში. როდესაც პრემიერი იცვლება, ახალი პრემიერი როდის გამართავს შეხვედრებს, რა ეშველება დაპირებებს, რომლებსაც პრემიერი გასცემდა, კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რა თქმა უნდა, ეს ბიზნესაქტივობას შეაფერხებს, გარკვეული გადანაწილებები და გადანაცვლებები დაიწყება მსხვილ ბიზნესებშიც. ეს ყველა ქვეყანაში ასეა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.”

2021 წლის პირველ კვარტალში თქვენ დაანონსეთ ლარის კურსის მერყეობა, აღნიშნულ ვითარებაში რა ელის ლარს?

როგორც ვნახეთ, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს აგრძელებს, გუშინვე სებ-მა 40 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, რითაც ხელი შეუწყო ვალუტის გამყარებას, ამის ფონზე, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3 ლარი და 30 თეთრი შეადგინა.

იმის ფონზე, რომ თქვენ დაანონსეთ ლარზე პოლიტიკური ფაქტორის გავლენების მატება, უნდა გააგრძელოს თუ არა ეროვნულმა ბანკმა ეს ხელოვნური ჩარევები? და უნდა გაზარდოს თუ არა თანხის ოდენობა, ეყოფა თუ არა ვითარების დასტაბილურებას 40 მილიონის გაყიდვა პერიოდულად? როდემდე გაგრძელდება პოლიტიკური ფაქტორის გავლენა ლარზე?

ეროვნულმა ბანკმა დღეს 40 მილიონი დოლარი გაყიდა

“გაურკვევლობა იქნება. ლარის კურსთან დაკავშირებით, ჩვენ გუშინ გავაკეთეთ ვარაუდი, რომ ლარის კურსის მერყეობა უნდა ყოფილიყო 3.29-3.35-ის ფარგლებში, ეს იყო მისი ცვლილების მაქსიმალური სიჩქარე, მაგრამ ახლა უკვე გამოჩნდა პოლიტიკური ფაქტორი და ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ თუ ეროვნული ბანკი არ ჩაერეოდა სასწრაფოდ, გვექნებოდა გაუფასურება.

არ ვიცი შეისმინა ეროვნულმა ბანკმა თუ არა, გუშინ გააკეთა ინტერვენცია, 40 მილიონი გაყიდა, რაც იყო სწორი გადაწყვეტილება, ასე ოპერატიულად ჯერ არ უმოქმედია რეგულატორს-ლარი შეინარჩუნა 3.30-იან ნიშნულზე.

ლარი ისევ ცდილობს რომ აიწიოს. რეკომენდაციის სახით, ანალოგიურ ქმედებას თუ განახორციელებს სებ-ი ორშაბათსაც, რაიმე დიდი ცვლილება ამ კუთხით არ უნდა გვქონდეს.

და თუ ამას არ გააკეთებს და გამოეთიშება (როგორც ვიცით ეროვნული ბანკი 2021-დან ნაკლებად აპირებდა ჩარევებს) მაშინ მდგომარეობა გვექნება სავალალო.

პოლიტიკური ფაქტორის გავლენა ლარზე მინიმუმ 1 თვე მაინც გაგრძელდება, სანამ არ დალაგდება ახალი მთავრობა,“-აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g