LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებით ეს ხელისფულება წინა მორბედს ემსგავსება: ბექა ლილუაშვილი

65
ბექა ლილუაშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მოსახლეობამ იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით შევიწროება წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით. ლილუაშვილს მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი მოჰყავს, რომლის დროსაც სხვადასხვა ქალაქის მერების მოადგილეებს „თანამდებობები დაატოვებინეს“.

ლილუაშვილის განცხადებით, მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ამ დარბაზში გავაჟღერეთ განცხადება, რომ დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ფართომასშტაბიანი შევიწროების პროცესი და მაშინ მოვისმინეთ სკეპტიკური მოსაზრებები, რომ ეს განცხადებები არ იყო გაჯერებული ფაქტებით, სახელებითა და გვარებით და მეტიც, რომ ეს იყო სიცრუე. ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ შევიწროების კონკრეტული ფაქტები რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ხდება; იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით, ღიად, საჯაროდ და შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება. მოსახლეობამ იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით შევიწროება წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით. უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უკიდურესად იმედგაცრუებაა, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს.

მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს მხარდამჭერებს და უბრალოდ მოქალაქეებს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით მსგავსი მეთოდების შედეგები, ეს არავისთვის სასიკეთო არ არის, ხელისუფლებას ვგულისხმობ. აუცილებლად დამთავრდება ის დრო, როდესაც ვერავინ დაუშლის მოქალაქეს, შეხედულებისამებრ იხელმძღვანელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“. – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თანამდებობები დატოვეს ხაშურის მერის მოადგილემ, ზურა როსებაშვილმა, გორის მერის მოადგილეებმა – ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა, ფოთის მერის მოადგილეებმა – პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ, მარტვილის მერის მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ და სენაკის მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა.

magti 5g