“პარტიაში არსებული პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად, შესაძლოა, გამოჰკითხონ ის “ფეისბუქ” აქტივისტები და პარტიის წევრები, ვინც ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არჩევაში მონაწილეობა მიიღეს,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი გზავნილია ის, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და მასში ჩართვის შესაძლებლობა ყველასთვის იქნება. წიკლაურის განცხადებით, პარტიაში გაიხსნა დემოკრატიული დისკუსია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის განხილვის შესაძლებლობას მოკლებულები იმის გამო იყვნენ, რომ პარტიის თავმჯდომარე დაპატიმრებული იყო.
“გიდასტურებთ, რომ გახსნილია დისკუსია პარლამენტში შესვლა – არშესვლასთან დაკავშირებითაც. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ორი პოზიცია და მიმდინარეობს კონსულტაციები. ვფიქრობ, ეს კონსულტაციები არ დასრულდება არც დღეს, არც ხვალ და შესაძლოა რამდენიმე დღეც გაგრძელდეს. ასევე, პარალელურად ვგეგმავთ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრებს, რომლებიც არიან ხელმომწერები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში და რომლებიც არ შევიდნენ,” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ენმ-ს წევრი მიიჩნევს, რომ რომ ყველა იმ პოლიტიკური საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაში” ახლა აზრთა სხვადასხვაობის საგანია, პარტიას აქვს ძალიან კარგი დემოკრატიული გამოცდილება, როგორიც იყო მაგალითად, პარტიის თავმჯდომარის არჩევა.
“რაც შეიძლება ფართო უნდა იყოს კონსულტაციებში მონაწილე ადამიანთა რიცხვი. ეს არის სამდივნო, პოლიტიკური საბჭოს წევრები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ ჩაითვლება, ჩვენს ათასობით ამომრჩეველსაც ამ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება შეეძლება, ასეთია ჩვენი გეგმა.
მაგალითად, შესაძლებელია მოხდეს იმ “ფეისბუქ” აქტივისტების, პარტიის წევრების გამოკითხვა მოხდეს, ვინც იანვარში ნიკა მელიას (პარტიის თავმჯდომარედ) არჩევაში მონაწილეობა მიიღეს. სხვადასხვა ტიპის შეხვედრები კიდევ მიმდინარეობს, შეიძლება ამ კონსულტაციებს ჰქონდეს არამხოლოდ საკონსულტაციო ელფერი, არამედ გადაწყვეტილების მიღებაც ამ მრავალათასიან ადამიანთა კორპუსს დაეკისროს,” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.