ვენეციის კომისიის დასკვნის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა რაოდენობას შეეხება, ორგანულ კანონში არ აისახება,- საკითხის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული რეკომენდაცია პოლიტიკური ხასიათისაა.
„მინიმალური რაოდენობა არის დადგენილი კონსტიტუციით. შესაბამისად, ევალება შესაბამის ორგანოებს, კერძოდ, საბჭოს და პარლამენტს, რომ იმოქმედონ კონსტიტუციის შესაბამისად. რა თქმა უნდა, უნდა შეივსოს 28-მდე მოსამართლეთა რაოდენობა, თუმცა გამომდინარე პროცედურიდან, შეიძლება ეს არ მოხდეს ერთბაშად. ეს არის დამოკიდებული საბოლოო ჯამში შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოებზე. შეიძლება საბჭომაც წარმოადგინოს ნაკლები კანდიდატი, შეიძლება პარლამენტმა დაამტკიცოს ნაკლები კანდიდატი. თუმცა, რაც შეეხება მითითებას იმაზე, რომ არა ამ მოწვევამ ანდა სხვა მოწვევამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ეს არის უკვე პოლიტიკური რეკომენდაცია და ეს არის გაცდენილი სამართლებრივ ჩარჩოებს. ასეთი საკითხი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ასახული ორგანულ კანონში. ორგანულ კანონში წერია ზუსტად ის, რაც წერია კონსტიტუციაში. კერძოდ, ის რომ არანაკლებ 28 მოსამართლისგან უნდა შედგებოდეს უზენაესი სასამართლო. ამის იქით ვერ წავა ორგანული კანონი. ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, შეიძლება პარლამენტმა მიიღოს ან ასეთი ან ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, სრულად არ შეავსოს საკუთარი რიგები, ჩვენ შეგვიძლია ისეც გავაკეთოთ, რომ პირველად, როცა წააგებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებს – 2024-28-32-ში, შეიძლება მხოლოდ ამის შემდეგ დავაკომპლექტოთ სრულად უზენაესი სასამართლო,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა უნდა აირჩიოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად. რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება, დანარჩენს შემდეგი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი დანიშნავს.
