პოლონეთში გადაწყვიტეს, რომ ფინანსურად დაეხმარონ ყველა ადამიანს, ვინც თავშესაფრიდან ძაღლს აიყვანს. პროექტით განსაზღვრული თანხა 700 ზლოტი (დაახლოებით 170 ევრო) იქნება და ის ცხოველის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს. სიახლის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს.
გადახდილი ფული შეიძლება დაიხარჯოს საკვებზე, ვეტერინარულ მომსახურებაზე ან სხვა საჭირო ნივთებზე.
ინიციატივის მიზანი – ცხოველებისთვის ახალი სახლის პოვნაში დახმარებაა. სხვადასხვა რაიონების თავშესაფრებში ათობით ძაღლი ჰყავთ და თითოეულს მზრუნველი ოჯახი სჭირდება.
თავშესაფრების თანამშრომლები მომავალ პატრონებს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, შესაფერისი ცხოველის შერჩევაში დაეხმარებიან. ისინი ყველას შეახსენებენ, რომ ცხოველის აყვანა გააზრებული გადაწყვეტილება უნდა იყოს და ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.
გარდა ამისა, თანამშრომლები ოჯახებს მომავალშიც არაერთხელ შეამოწმებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ცხოველი კომფორტულ პირობებში იმყოფება.