პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში გამოიფინება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. დროებითი გამოფენა ივლის-აგვისტოში გაიხსნება.
„საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ძველი რომის ქალაქის – პომპეის ისტორიას ასახავს“, – წერია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.
ეროვნული მუზეუმის ცნობით, გამოფენის ორგანიზატორია ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში. განახლებულ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო ეწვია.