ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის განხორციელებაში პორტუგალიელი ექსპერტი ანა ლუჟი ჩაერთო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერით, ანა ლუჟი 2018-2019 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში კონსულტანტად იმუშავებს.
ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო გამოცდილებასა და ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან.
კადასტრის აღიარებული სპეციალისტი ანა ლუჟი საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარების მიზნით, გასულ წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოს მოკლევადიანი ვიზიტებით სტუმრობდა. აღნიშნული საკონსულტაციო მისიები აღმოჩნდა პროდუქტიული და ტექნიკური გაუმჯობესების კუთხით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს მნიშვნელოვნად დაეხმარა ვენახების კადასტრის მიმდინარე სამუშაოების განხორციელებაში.
კადასტრის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია; რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9 ჰა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 5533,4 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში 1818,2 ჰექტარი ვენახი.
საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.