LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოსტოპერაციული პერიოდი და პაციენტის რეაბილიტაცია – ბალნეოლოგიური კურორტის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ეკა სანიკიძე

114
ეკა-სანიკიძე

20 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ჯანდაცვის სპეციალისტი, ბალნეოლოგიური კურორტის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ეკა სანიკიძე სტუმრობდა, რომელმაც ქართული სამედიცინო რეალობისთვის მეტად აქტუალურ თემაზე –  პოსტოპერაციულ პერიოდსა და პაციენტის რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

– ქალბატონო ეკა, რას წარმოადგენს რეაბილიტაცია და რამდენად ეფექტურია სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა?

– ჯანმრთელობა ფიზიკურთან ერთად ადამიანის სულიერ კეთილდღეობასაც გულისხმობს, ამიტომ პაციენტი არა მხოლოდ მისი დაავადების მიხედვით, არამედ ერთიანობაში უნდა განვიხილოთ მენტალური მდგომარეობისა და გაჯანსაღების ჩათვლით. ზოგადად მკურნალობა – დაავადების დიაგნოზირებას, აქტიური ფაზის მკურნალობას და მკურნალობის შემდგომი პერიოდის მართვას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ოპერაციის შემდეგ პაციენტი სახლში ბრუნდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სრულად განიკურნა და შეუძლია ჩაებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.  ნებისმიერმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიაროს რეაბილიტაციის პერიოდი, რათა აღიდგინოს ფუნქციური აქტივობა. სხვათა შორის, სიტყვა „რეაბილიტაცია“ ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მის აღდგენას ნიშნავს, „პრეაბილიტაცია“ კი – პაციენტის ოპერაციამდე ფიზიკურ და მენტალურ მომზადებას გულისხმობს, თუმცა, ამგვარი პრაქტიკა ნაკლებადაა დანერგილი ქართულ მედიცინაში. არსებობს ტერმინი „აბილიტაციაც“, ანუ როცა დარღვევების აღდგენა შეუძლებელია და პაციენტს სწორედ ამ დარღვევებით ცხოვრებას, არსებულ გარემოსთან ადაპტირებას ვაჩვევთ.

– რამდენად ხარჯიანია რეაბილიტაციის პერიოდი?

– რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე თვე, ზოგჯერ რამდენიმე წელი, ზოგჯერ კი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. საქართველოსა და სხვა დაბალი შემოსავლების ქვეყნებში პაციენტის, მეტწილად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების რეაბილიტაცია სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული მედიცინის განვითარებაც, რომელიც მჭიდრო კავშირშია რეაბილიტაციასთან, რათა წინასწარ ავიცილოთ თავიდან დაავადების გამწვავება და შევამსუბუქოთ გაჯანსაღების პერიოდი. რა თქმა უნდა, უნარშეზღუდული პაციენტების რეაბილიტაცია ბევრად რთული და ხარჯიანია, რადგან უამრავი დამხმარე ინვენტარია საჭირო ტრენაჟორებით დაწყებული, ელემენტარული პროთეზებით დასრულებული.

– რამდენადაა ჩართული სახელმწიფო პროგრამაში ბალნეოლოგიური კურორტი?

– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ წელს ბალნეოლოგიური კურორტი 85 წლის იუბილეს აღნიშნავს. რა თქმა უნდა, წლების მანძილზე უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და არც საიუბილეო წელს ვუღალატებთ ტრადიციას, უამრავ აქციას შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს სახელმწიფო დაფინანსებითა და კერძო დაზღვევით, თუმცა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მხოლოდ მოგვიანებით ვგეგმავთ ჩართვას. ქვეყნის ჯანდაცვის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ 2018 წელს დაწყებული დისკუსია პოსტოპერაციული და სარეაბილიტაციო პერიოდის აუცილებლობასა და სახელმწიფო კურირებაზე საბოლოოდ განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაცია ამგვარი პროგრამის შექმნაზე საქართველომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან მიიღო და მასთან თანამშრომლობით შეიმუშავა მოქმედების სტრატეგიაც. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა რეაბილიტაციის ყველა კომპონენტის ჩართვა, ამიტომ აქცენტი ნეირორეაბილიტაციაზე ანუ ინსულტის, ზურგისა და თავის ტვინის ტრავმების რეაბილიტაციაზე გაკეთდა. სამწუხაროდ, ჩვენი ცენტრის პროგრამაში მონაწილეობა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ამ ეტაპზე ამბულატორიული კომპონენტი მხოლოდ სტაციონარული ნებართვის მქონე დაწესებულებებში ამოქმედდა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მალე  ამბულატორიული სანებართვო პირობებიც  შემუშავდება და ჩვენც სიამოვნებით შევუერთდებით მეტად საჭირო წამოწყებას, რადგან უზარმაზარ გამოცდილებასთან ერთად სერიოზული საკურორტო რესურსიც გვაქვს პაციენტის გაჯანსღებისა და რეაბილიტაციისთვის.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პაციენტის, მით უფრო, უნარშეზღუდული ადამიანის რეაბილიტაცია კომპლექსური პროცესია, რომელშიც მედიკოსებთან ერთად სამოქალაქო სექტორი, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებიც აქტიურად უნდა ჩაებნენ, ხაზგასასმელია, სახელმწიფო დაფინანსებაც, რადგან ამგვარი მკურნალობა ძალიან ხარჯიანია, არადა ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები