პრაღის მუნიციპალურმა ბიბლიოთეკამ გადაწყვიტა, ტურისტებისა და ბლოგერების ნაკადს შეზღუდვებით კი არ უპასუხოს, არამედ მათთვის გარემო უფრო მოსახერხებელი გახადოს. სიახლის შესახებ Daily Sabah წერს.
დღეს ბიბლიოთეკის წინ რიგები წიგნების გამო კი არა, სელფების გადასაღებად დგება. ტურისტების მთავარი მიზიდულობის ცენტრი ფოიეში განთავსებული ინსტალაციაა – სლოვაკი ხელოვანის, მატეი კრენის ნამუშევარი „იდიომა“. რვა ათასი წიგნისგან შექმნილი კონსტრუქცია და ორივე მხარეს დამონტაჟებული სარკეები ვიზუალურ ეფექტს ქმნის, თითქოს უსასრულო წიგნების გვირაბში იყურები. სწორედ ამ ეფექტმა და სოციალური ქსელების პოპულარობამ აქცია ინსტალაცია ტურისტულ ჰიტად.
ბლოგერები ხშირად საათობით დგანან რიგში, რათა ფოტო გადაიღონ, რაც ბიბლიოთეკის ყოველდღიურ მუშაობას ართულებს. მკითხველებს უჭირთ თავისუფლად გადაადგილება, ხოლო პერსონალს ზოგჯერ უწევს ჩარევა, რათა ვიზიტორთა ნაკადი დაარეგულიროს.
მიუხედავად ამისა, ბიბლიოთეკამ აკრძალვებისა და ფასიანი შესვლის ნაცვლად, განსხვავებული გზა აირჩია. წელს დაწესებულებაში შეიქმნება სპეციალური სივრცე ტურისტებისთვის – მოსაცდელი ზონებით, სავარძლებითა და სასმელების ავტომატებით. ასევე გაიზარდა სამუშაო საათები კვირა დღეებში და ამოქმედდა სპეციალური საიტი, სადაც ვიზიტორებს ურჩევენ ფოტოები საღამოს 18:00-ის შემდეგ გადაიღონ, როცა ნაკადი ნაკლებია და განათება ინსტალაციას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

პრაღაში აღნიშნავენ, რომ ეს მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ევროპის სხვა ქალაქების პოლიტიკისგან, რომლებიც გადატვირთულ ტურიზმს შეზღუდვებით ებრძვიან. მაგალითად, ვენეციასა და ფლორენციაში დაწესებულია ჯარიმები, რომში კი ტრევის შადრევანთან მიახლოებაც კი ფასიანი გახდა. კანის ხელისუფლებამაც წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყურეში ერთდროულად მხოლოდ ერთი საკრუიზო ლაინერი დაუშვას.
ჩეხეთის დედაქალაქმა კი გადაწყვიტა, ტურისტებს კარი ფართოდ გაუღოს და მათთან თანაცხოვრება ახალი წესებით სცადოს.