პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციისთვის განმარტავს, რატომ მიულოცა 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს – ბიძინაობა.
ღარიბაშვილის თქმით, 1 ოქტომბერი ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეა და სწორედ აქედან გამომდინარე, ამ კონტექსტში ახსენა ბიძინაობა:
“იმდენად მდარე ხარისხის განცხადებები მოვისმინე ოპოზიციის მხრიდან, უხერხულიც კი არის, მოსახლეობისთვის ამ თემაზე გავაკეთო განმარტება, მაგრამ ვინაიდან არაერთგზის შეეხნენ ამ თემას, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო და მოსახლეობას კი არა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1 ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის – ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა.
ყველასთვის არის ცნობილი, რომ ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ, ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე და ამ კონტექსტში ვახსენე მე აღნიშნული თარიღი და ბიძინობა.” – თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა მას შემდეგ, რაც გამოაცხადა რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.