„ქართული ოცნება“ ემიჯნება გოგი თოფაძის მოსაზრებებს “რუსთავი 2”-თან და სტალინთან დაკავშირებით, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს.
“ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის – ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. ასევე, ვემიჯნებით დეპუტატის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით.
კოალიციას აქვს მტკიცე პოზიციები ასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით და ჩვენ ეს პოზიციები საჯაროდ გვაქვს გაცხადებული.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.
ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული საბჭოთა წარსული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი – ეს არის სწორი გზა და იგი პრინციპულად განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რომელშიც ათეული წლების განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება.
ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
