ჩვენი ამოცანაა, რომ 2022 წლის ჩათვლით ჩვენ შევძლოთ და დავასრულოთ ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურული განვითარება როგორც 2019 წელს, ისე მომდევნო წლებში იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი.
„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და მხარდაჭერა მივიღეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკომისიამ დაამტკიცა ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამები და მასში საქართველოს ძალიან დიდი ადგილი აქვს. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას ეს წარმატება და ვთქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ მომავალ წლებში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლებთ განვავითაროთ საქართველოში ინფრასტრუქტირა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული ევროპულ სისტემებთან. ინფრასტრუქტურული განვითარება როგორც 2019 წელს, ისე მომდევნო წლებში იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ 2022 წლის ჩათვლით ჩვენ შევძლოთ და დავასრულოთ საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტები თავისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხდება უფრო და უფრო რთული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.