მნიშვნელოვანია რომ მეღვინეობა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო ფორუმზე – „კახეთი 2019“ განაცხადა.
„კახეთი არის ულამაზესი კუთხე საქართველოსი, თავისი უდიდესი ისტორიით, ტრადიციებით, ის არის აკვანი მეღვინეობის და მას აქვს უნიკალური წვლილი შეტანილი ჩვენს კულტურაში. მეღვინეობა ძალიან აქტიურად ვითარდება კახეთში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ , რომ ამ მხრივ გვაქვს კიდევ მნიშვნელოვანი პოტენციალი. განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა, მეღვინეობა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე. კარგია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში, ვფიქრობ, მეტი გვაქვს გასაკეთებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს კონკრეტული დავალება ამ საკითხზე“,- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, კახეთი ხდება ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება და ამიტომ, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება.
„ეს კუთხე არის უნიკალური ისტორიის მატარებელი. ბუნებრივია, ამ ნაწილში ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული როლი. კიდევ ერთხელ ყველა მინდა მოვუწოდო, მათ შორის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შეინარჩუნონ ტემპი, რომ ინფრასტრუქტურა კახეთში დროულად განვავითაროთ ყველა სოფელში“,- განაცხადა ბახტაძემ.
