LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: მთებში აუთვისებელი უდიდესი ღირებულება გვაქვს

98

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის მნიშვნელობა შეაფასა და მას ისტორიული ფორუმი უწოდა.

მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ტალებ რიფაის საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კვირიკაშვილის თქმით, მთის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის 65% მთიან ლანდშაფტს უკავია.

„საერთაშორისო ზამთრის კურორტების მსოფლიო კონგრესის საქართველოში გამართვა არის ისტორიული მოვლენა. ჩვენი ქვეყნის 65% არის მთიანი ლანდშაფტი და მთების განვითარებას ჩვენთვის მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. ეს არის უპირველეს ყოვლისა სოციალური საკითხი მთიანი მოსახლეობისთვის, მთებში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხი, უსაფრთხოების საკითხი, ეკონომიკური განვითარების საკითხი და სხვა. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსოფლიო კონგრესის საქართველოში ჩატარებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო კვლავაც გააგრძელებს დიდი ინვესტიციების განხორციელებას. ჩვენ გვაქვს მთებში აუთვისებელი უდიდესი ღირებულება და ეს კონგრესი ემსახურება იმას, რომ საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში გაიზარდოს. საქართველოს ეწვია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოს მეგობარი ტალებ რიფაი, რომელიც გუშინ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. იგი დიდ დახმარებას უწევდა გასული წლების განმავლობაში საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, მისი ცნობადობის გაზრდის კუთხით და მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო ამ უდიდესი თანადგომისთვის,” – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთის კურორტების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით დაგეგმილია ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე.

„სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ საქართველოში უნდა ჩავატაროთ ზამთრის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი, ამისთვის ყველაფერი გაგვაჩნია და მივდივართ სწორი გზით. სამთო კურორტების გენერალური დაგეგმარების პროცესი, სამთო გიდებისთვის, ტრენერებისთვის სკოლების სისტემის განვითარება, სამთო-სათხილამურო სკოლების ქსელის განვითარება, ზამთრის არდადეგების მცოცავი გრაფიკის შექმნა და მორგება სამთო განვითარების გეგმაზე – ყველაფერი ეს მიმართულია იმისკენ, რომ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობა გახდეს საქართველოს მთების ტურისტული პოტენციალის მომხმარებელი და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტურიზმისთვის. ჩვენი მომავალი თაობა უნდა სარგებლობდეს იმ უდიდესი სიმდიდრით, რომელიც გაგვაჩნია და ამ დროს ჩვენ გვაქვს შიდა ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარეობს, მაგრამ ამ განვითარების დონითაც შეგვიძლია გავზარდოთ მომავალი თაობის მიერ საქართველოს კურორტებით სარგებლობის მაჩვენებლები, ზუსტად იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ: სპეციალური სუბსიდიებით ზამთრის სკოლებზე, არდადეგების გრაფიკების მორგებით და ასე შემდეგ”, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g