„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ – ამ სახელწოდების ყოველწლიური კონფერენცია, რომლის ჩატარებას საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, თბილისში დღეს გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.
მისი შეფასებით, პლატფორმა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში გამორჩეულ როლს ასრულებს.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, განსაკუთრებულად ღირებულია ევროინტეგრაციის თემატიკაზე ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საზოგადოების კონსოლიდაციას და ევროინტეგრაციის პროცესს დამატებით იმპულსს მისცემს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინკლუზიური მმართველობაა და ამ კონტექსტში, პრიორიტეტულია არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, რომელიც მრავალი მიმართულებით ჩართულია რეფორმების განხორციელებაში და მთავრობას დემოკრატიული, თანამედროვე, და განვითარებული ქვეყნის მშენებლობაში ეხმარება.
„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. მიმდინარე წელს სრულად ამოქმედდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება. თუმცა, ჩვენ, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან, შეთანხმების დროებით ამოქმედებისთანავე დავიწყეთ მისი ვალდებულებების თანმიმდევრული შესრულება. ევროპელი პარტნიორების შეფასებით საქართველო უდავო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი განმარტებით, ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელების მიზნით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება კოორდინაციის მექანიზმი; ამის ერთ-ერთი მიმართულება კი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვაა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, უახლოეს მომავალში იგეგმება.
„ასოცირების შეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების მთელ სპექტრს მოიცავს და სრულ თანხვედრაშია მთავრობის ხედვასთან ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თაობაზე. ოქტომბერში წარმატებით ჩატარებული საპარალამენტო არჩევნები, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მთავრობის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება და ამ კუთხით, ეფექტიანად ხორციელდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
„თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფორმირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო თანმიმდევრულად ხდება ევროკავშირის შიდა ბაზრის ნაწილი, რაც ქვეყნის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების მომტანია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში, ევროინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას ელის, რაც ვიზის ლიბერალიზაციას გულისხმობს.
„საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები და ახლა ჯერი ევროპელ პარტნიორებზეა. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ევროკავშირი დაასრულებს შესაბამის პროცედურებს და საქართველოს მოსახლეობა შეძლებს უვიზო მიმოსვლას“, – განაცხადა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებული წარმატებების მიღწევა სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორში არსებული ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება მთავრობისთვის ღირებულია.
„საქართველო პირველი ქვეყანაა, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩართო შეთანხმების განხორციელების დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში. ასევე, საქართველომ პირველად დაიწყო ასოცირების დღის წესრიგის წინასწარ დაგეგმვაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს საქართველოში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას და მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას.
„ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჩვენ კიდევ ბევრი რეფორმის განხორციელება და არაერთ გამოწვევასთან გამკლავება მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ არ გაგვიჭირდება სირთულეების გადალახვა. დღევანდელი კონფერენცია არის კარგი შესაძლებლობა, შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები და ვიმსჯელოთ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების თაობაზე. საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, გაეცნოს სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს და გაითვალისწინოს შემუშავებული რეკომენდაციები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ღონისძიების მონაწილეებს მიულოცა პირველი, ყოველწლიური კონფერენციის გახსნა, რომლის მიზანია ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაბამისი რეფორმების დაგეგმვისა და წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა; ასევე, მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს – სახელმწიფო მინისტრის აპარატს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას და კონფერენციის მხარდამჭერებს – გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და შვედეთის მთავრობას.
პრემიერ-მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის.
“მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ შესანიშნავი უწყებათაშორისი კოორდინაცია გვქონდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით. მისი ძალიან აქტიური მონაწილეობით მომზადდა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეფორმების 2017-2020 წლის დღის წესრიგი. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში აშშ-ში ელჩის პოზიციაზე, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.