“ძალიან მოხარული ვარ, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – „საგურამოჰესის“ მშენებლობა დასრულდა და დღეს ეს ჰესი ჩაერთვება ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემაში”
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საგურამოჰესის“ გახსნაზე განაცხადა:
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ჰესი აშენდა მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიის მიხედვით და კომპანიამ 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ჰესის საშუალებით შესაძლებელი გახდება კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სათავე ნაგებობების და სატუმბი სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ თბილისში სტაბილური წყალმომარგება გარანტირებული იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ აგრეგატი მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს თანაბარი სიმძლავრით. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარგებისთვის გამოყენება. ამ პროექტის განსახორციელებლად კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 100-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა.
მისასალმებელია, რომ კომპანია ასაქმებს ახალგაზრდა ჰიდროენერგეტიკოსებს, ჰიდროინჟინრებს და ასეთი ნდობის გამოცხადება არის მისასალმებელი პრეცედენტი. მჯერა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტები ამ ნდობას გაამართლებენ და თავიანთ წვლილს შეიტანენ დარგის გაუმჯობესებაში და ჩვენი ეკონომიკის წინსვლაში.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” და ყველა მის პარტნიორს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში და წარმატება უსურვა.