საქართველოს პრემიერმინისტრმა სამარცხვინოდ ხელიც კი არ ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტს, – ამის შესახებ ფრაქცია “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.
“საქართველოს პრემიერმინისტრმა სამარცხვინოდ ხელიც კი არ ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც იმავე სივრცეში იმყოფებოდა, რომელშიც ის იყო და ასევე, ისე მოდის მიუნხენიდან, რომ არცერთ მნიშვნელოვან ლიდერთან დასავლური სამყაროსი, მას შეხვედრა ორმხრივი არ გაუმართავს.
ეს არის მიტაცებული სახელმწიფოს შედეგი, როდესაც პრემიერი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და არანაირი საერთო არ აქვს ჩვენს სახელმწიფო და სახალხო ინტერესებთან”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციას, რომელზეც განხილვის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იყო, 600-მდე პოლიტიკოსი, ექსპერტი და უფლებადამცველი ესწრებოდა, მათ შორის იყო საქართველოს დელეგაციაც.
ზელენსკი: კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ, უკრაინელები არ ნებდებიან
ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები
“არ ვიცი რა სურს პუტინს, ამიტომ ვთავაზობ შეხვედრას” – ზელენსკი
კონფერენციის შედეგები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუქის“ გვერდზე შეაჯამა და განაცხადა, რომ პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, კონფერენციის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.