უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, მათ შორის უკრაინის საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს და მათ უთხრა, რომ უკრაინა ყველაფრისთვის მზად არის.
ზელენსკი: კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ, უკრაინელები არ ნებდებიან
ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან არ იცის, რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს.
„მე არ ვიცი რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ვთავაზობ მას შეხვედრას“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე განმარტებით, უკრაინაში დაბრუნებას დღესვე აპირებს, რადგან ქვეყანას დიდი ხნით არ ტოვებს.
„მე დღეს უკრაინაში ვისაუზმე და უკრაინაში ვივახშმებ. ქვეყანას დიდი ხნით არ ვტოვებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მიუნხენის კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, ვინც უკრაინის მიმართ სოლიდარულია.
„მე მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით, არიან ქვეყნები, რომლებიც დგანან უკრაინის გვერდით, დგანან სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის გვერდით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. მაგრამ ეს მათი საქმეა, ეს ამ ქვეყნების კარმაა და ის შეგნებაა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ.
თუმცა არ ვიცი, როგორ აუხსნიან ამ ქმედებას დღეს უკრაინაში ორ მოკლულსა და სამ დაჭრილ ჯარისკაცს და რაც მთავარია, როგორ აუხსნიან სამ გოგოს კიევიდან, ერთი 10-საა, მეორე 6-ის და მესამე სულ რაღაც ერთი წლის, დღეს ისინი დილის 6 საათზე მამის გარეშე დარჩნენ, როდესაც უკრაინელი ოფიცერი დაიღუპა, ჭურვის შედეგად, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებით. არ ვიცი რაზე ფიქრობდა ის თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წამებში, ის, ალბათ, არ ფიქრობდა იმაზე, რა სახის დღის წესრიგი გვჭირდება ჩვენ აღმოსავლეთში ომის შესაჩერებლად, მაგრამ მან იცოდა კითხვაზე პასუხი, რომელიც მე დავსვი დასაწყისში, მან კარგად იცის ვინ იტყუება. განისვენოს მშვიდობით მან და ყველამ, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში დაიღუპა“, – განაცხადა ზელენსკიმ.