ჩინეთის დედაქალაქ პეკინში რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია და ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის მოდელს წარმოადგენს.
„დღეს ჩვენმა ურთიერთობებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც ნამდვილი ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების მოდელს წარმოადგენს…
თქვენი ინიციატივით ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ორმხრივი უვიზო რეჟიმის შემოღება ჰუმანიტარული კონტაქტების გაფართოების დამატებითი სტიმული გახდა. ჩვენ ამ პრაქტიკას აუცილებლად გავაგრძელებთ“, – თქვა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთ-ჩინეთის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობის მამოძრავებელი ძალაა.
„ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე, რუსეთი აგრძელებს რესურსების საიმედო მიმწოდებლის როლს, ხოლო ჩინეთი ამ რესურსების პასუხისმგებლიან მომხმარებლად რჩება“, – აღნიშნა პუტინმა და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია.
შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული ვითარება ომიდან მშვიდობაზე გადასვლის გადამწყვეტ ეტაპზეა.
მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და კონფლიქტის განახლება მიუღებელია.
„საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის დაყოვნება არ შეიძლება. კონფლიქტის განახლება კიდევ უფრო მიუღებელია და მოლაპარაკებებისადმი ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია…
საომარი მოქმედებების სწრაფი შეწყვეტა ხელს შეუწყობს ენერგომომარაგების სტაბილურობის, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და საერთაშორისო ვაჭრობის დაბრკოლებების შემცირებას“, – თქვა სი ძინპინმა.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში 19 მაისს ჩავიდა. კრემლის მიერ გავრცელებულ დღის წესრიგის თანახმად, იგეგმება ორივე ქვეყნის დელეგაციების ფართო ფორმატის შეხვედრაც.
