LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიის „ელისო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

470
პრემია „ელისო“

გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში,თიბისის მხარდაჭერითა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, პრემიის „ელისო“ პირველი დაჯილდოება გაიმართა.

ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიურის გადაწყვეტილებით, ქართულ კინოში გასული წლის სამი გამორჩეული ნამუშევარი დაჯილდოვდა.    

  • საუკეთესო რეჟისორი – ელენე ნავერიანი, ფილმისთვის „შაშვი შაშვი მაყვალი”
  • საუკეთესო მსახიობი – ეკა ჩავლეიშვილი, ფილმისთვის „შაშვი შაშვი მაყვალი“
  • საუკეთესო ოპერატორი – ლომერ ახვლედიანი, ფილმისთვის „ღიმილიანი საქართველო”

დაჯილდოების პარალელურად, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წელიც აღინიშნა.  

„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას – ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალის ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია, ფილმის მთავარი პერსონაჟი, ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია. ელისოს როლს ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილი ასრულებს.

პრემია „ელისო” ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. ფონდი  კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.

„ელისოს” გენერალური მხარდამჭერია თიბისი. მთავარი პარტნიორები კი არიან  გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, თეგეტა, კოკა-კოლა, გალფი, სარაჯიშვილი და სხვა.

(R)