პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სწორედ ამ თანხმობით შეაბიჯებს საქართველო ევროპაში, თუ ერი ერთიანი იქნება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვატიკანში, საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ როცა საქმე ერთად კეთდება, ის საქმე ყველაზე მაღალ დონეზე გამოდის:
“როცა საქართველო შემოდის „სიქსტეს კაპელაში“, ეს არის დაგვირგვინდება ჩვენი ორი სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობებისა, რომლის 30 წლისთავსაც აღვნიშვნავთ და როგორც ჩვენი პატრიარქი ამბობს – ეს ჩვენი ორი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ძმობის დაგვირგვინებაც არის.
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიად საქმეში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ და რომ დასტური მისი უწმინდესობა, რომის პაპის ფრანჩესკესგან სწორედ მე მომეცა, როცა შარშან ოფიციალური ვიზიტით აქ ვიმყოფებოდი და სწორედ ამ დარბაზში, ერთი წლის წინ, გამოვაცხადეთ ეს უდიდესი და სასიხარულო ამბავი.
კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ საქმის აღსრულებას ყველა სახელმწიფო უწყების ჩართულობა სჭირდებოდა: დიდი მადლობა ქალბატონ მინისტრს, საპატრიარქოს, საპატრიარქოს გუნდს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა.
ეს არის ის, რაც დღეს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – როცა ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქმეს, ის საქმე გამოდის და გამოდის ყველაზე მაღალ დონეზე.
ეროვნული თანხმობა სხვა არაფერია, სწორედ ეს არის ეროვნული თანხმობა და ამ ეროვნული თანხმობით შემოვაბიჯეთ ევროპაში და ასე შევაბიჯებთ კიდევ ევროპაში, თუ ვიქნებით ერთიანნი და დავივიწყებთ ქიშპობას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის დახვეწილი სტილი „სიქსტეს კაპელაში“ – ფოტოამბავი