LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: გამოსავლის გზა გადის იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ქვეყნის „განსაბჭოებას“, უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც შავბნელ წარსულს ახასიათებდა – ჩვენი დღევანდელი ამოცანაა, გზა გავუხსნათ გათავისუფლებულ მომავალს

135
BeFunky-collage (89)

გამოსავლის გზა გადის ასევე ქვეყნის „განსაბჭოებაში“, ანუ საბჭოთა სისტემის გადმონაშთების ამოძირკვას – ჩვენი დღევანდელი ამოცანა სწორედ ესაა, რომ გზა გავუხსნათ გათავისუფლებულ მომავალს , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, წარსულიდან უნდა გავთავისუფლდეთ და გავთავისუფლდეთ ოკუპაციისგან.

„გამოსავლის გზა გადის ასევე იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ანუ ქვეყნის „განსაბჭოებას“, ანუ საბჭოთა სისტემის გადმონაშთების ამოძირკვას. უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც იმ შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი.

წარსული წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ჩვენი დღევანდელი ამოცანა სწორედ ესაა, რომ გზა გავუხსნათ გათავისუფლებულ მომავალს. ჩვენ დღეისთვის მომსწრენი და მონაწილენიც ვართ სწორედაც, რომ ძველი ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისია!

წარსულიდან უნდა გავთავისუფლდეთ და გავთავისუფლდეთ ოკუპაციისგან. დეოკუპაციის ერთადერთი მშვიდობიანი და რეალური გზა, აქაც ევროპის გზაა, რომელიც არცერთ ფარულ გარიგებასა და არცერთ ტყუილ დაპირებაზე არ გადის. სამაგიეროდ, ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავპირდეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებას ერთობლივი განვითარების პერსპექტივა, ადამიანის უფლებების რეალური დაცვა და ნამდვილი მშვიდობა სამხედრო ბაზებისა და მობილიზაციის გარეშე.

გათავისუფლდეს უნდა სასამართლო სისტემა – სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩვენი ყველა მოქალაქის მოთხოვნაა. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოს წნეხისა და გავლენებისგან გათავისუფლების გარეშე, ეს ვერ მიიღწევა. ყველამ იცის, რომ სასამართლო ევროპული სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის ძირითადი ქვაკუთხედია.

ევროპული გზა ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის გათავისუფლებაა, კანონმდებლობა და სასამართლო კი, ამ გათავისუფლების იარაღი. თუ არ არსებობს სამართლებრივი სივრცის ნდობა, მაშინ ვერც სტაბილურობა იქნება და ვერც გრძელვადიანი ინიციატივა, თუ ინვესტიცია. სამაგიეროდ, ევროპული კანონმდებლობა იცავს ბიზნესს ყოველგვარი არაკანონიერი, თუ პოლიტიკური ჩარევისგან, აჯანსაღებს მთლიანად ბიზნესგარემოს და იძლევა ახალი პოტენციალის გამოჩენისა და ზრდის შესაძლებლობას. მარტივად რომ ვთქვათ, არავინ დაგიბარებთ თქვენი წილების ვინმესთვის დასათმობად, ან სხვა ხარკის გადასახდელად. გათავისუფლებულ ქართულ ბიზნეს რეალური პოტენციალი გააჩნია ევროპული ბაზრის ასათვისებლად.

სოციალური გარანტიებით უნდათ მოქალაქეებს გათავისუფლება – ევროპულ სოციალურ კანონმდებლობასთან დაახლოება საქართველოს მოქალაქისთვის ნიშნავს იმას, რომ მისი პირადი, ოჯახური, სამსახურებრივი და საზოგადოებრივი სივრცე იქნება დაცული, რაც ადამიანის ღირსების დაცვის უპირველესი ნიშანია.

გათავისუფლება უნდა ეხებოდეს საჯარო სამსახურს – თავისუფალი საჯარო სამსახური ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ემსახურება სახელმწიფოს და არა პირად ინტერესებს, გავლენებსა და პარტიულ დიქტატს. სწორედ ესაა ის, რაც ევროპას უდევს საფუძვლად. მთავრობები, მმართველი პარტიები მიდიან და მოდიან, არავინ ერევა ცალკეული საჯარო მოხელეების საქმიანობაში, არავინ ავალებს, ან უკრძალავს მათ სადმე მისვლას, ან არ მისვლას, რამის თქმას და ა.შ; იცვლება პოლიტიკური სპექტრი, საჯარო მოხელე რჩება და მის ხელშია პოლიტიკის თანმიმდევრულობა, სტაბილურობა და სახელმწიფო, თუ ადმინისტრაციული მეხსიერება. შიშისგან და რევანშიზმისგან გათავისუფლებული საჯარო მოხელე ქვეყნის მომავლის საუკეთესო საყრდენია.

გათავისუფლებული კულტურა არის ასევე ერთ ერთი ნიშანია თავისუფლებისა, რამეთუ თუ არ არის თავისუფლება, არც კულტურა არ არის. ჩვენი კრეატიული შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა საქართველოს. თავისუფალი საქართველო დღესაც იპყრობს მსოფლიო სცენას, გალერეებს, ლიტერატურულ სამყაროს. მაგრამ ამ მიმართულებით მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და მეტი თავისუფლება არა ცენზურა და შევიწროება. ეს არის ის დარგი, რომელშიც საქართველოს ნამდვილად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას და ღირსეულად დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი.

არავინ აღარ და აღარასოდეს არ უნდა ჩართოს თავისუფალი სპორტსმენი პოლიტიკის მორევში. ტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებელია მიითვისოს სპორტსმენების გამარჯვებები, მიისაკუთროს მათი მედლები და წარმატებები და ეს ყველაფერი ვითომცდა მმართველი გუნდის დამსახურება იყოს. ეს მათი გამარჯვება კი არა – სპორტსმენებისა და მათთან ერთად, მთლიანად ქვეყნის გამარჯვებაა, ამიტომ ვიზიარებთ ყველა სიხარულსა და სიამაყეს, როცა ისინი საქართველოს დროშასა და ჰიმნს წარადგენენ მთელი მსოფლიოს წინაშე.

ეს არის გზა გათავისუფლების, რომელიც უთუოდ გასავლელია. და ამ გზას ვერ გავივლით თუ არ შეეხება პოლიტიკურ სივრცეს: საბჭოთა გადმონაშთი სხვა რაა თუ არა ერთპარტიულობა, ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურის მონოპოლია. საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება.

საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც; სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა – წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი – დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები