თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გვიან ღამით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტი მოქალაქეებს თურქეთში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო ზომების მიღება არ იგეგმება.
„მე მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს. დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. საქართველოს საფრთხე არ ემუქრება. ამ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ საგანგებო ზომების მიღებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.